გიორგი პაპუაშვილი: ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა მოსამართლეებზე

ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ზეწოლა ხორციელდება ძირითადად, იმ მოსამართლეებზე, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებს განიხილავენ.
„ბოლო პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობს მიზანმიმართული ზეწოლა ცალკეულ მოსამართლეებზე, რაც გამოიხატება მათ ფარულ თვალთვალში, მათი ოჯახის წევრების და ნათესავების კომერციული საქმიანობის მიზანმიმართულ შევიწროებაში, დაშანტაჟებაში, რომ მათი ახლო ნათესავები დაკავებულები იქნებიან სხვადასხვა საბაბით და ასევე, მათ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ძირითადად, ფალსიფიცირებული, შესაძლოა, გასაჯაროვდეს. ყველა ეს ინფორმაცია დაკავშირებულია მაღალი საზოგადო ინტერესის მქონე საქმეებთან, რომლებიც განიხილება ახლა სასამართლოში და მიმართულია იმისკენ, რომ მათ გადაწყვეტილება მიიღონ ან ხელისუფლების სასარგებლოდ, ან მაქსიმალურად გააჭიანურონ ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესი“, – განაცხადა გიორგი პაპუაშვილმა.
თუმცა მან არ დააკონკრეტა, რომელ საქმეებთან დაკავშირებით და კონკრეტულად, რომელ მოსამართლეებზე მიმდინარეობს ზეწოლა.
„დღეს უფრო დეტალური ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ეს დაკავშირებულია მოსამართლეების პირად ცხოვრებასთან, მაგრამ მთავარი ამოცანა დღევანდელი საჯარო განცხადებისა არის ის, რომ მოვახდინოთ პრევენცია, აღვკვეთოთ ის საგანგაშო ფაქტები, რომელსაც ადგილი აქვს, რათა სასამართლოს შეეძლოს ნორმალურ რეჟიმში ფუნქციონირება და გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციის, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე“, – აღნიშნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები