გია ბარამიძე: ავთანდილ ანთაძესთან დიდი ხანია ურთიერთობა არ მქონია

ავთანდილ ანთაძესთან დიდი ხანია ურთიერთობა არ მქონია და წარმოდგენა არ მაქვს, ამჟამად რას საქმიანობს, – ამის შესახებ „კვირას“ შს ყოფილმა მინისტრმა და ამჟამად, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გია ბარამიძემ განუცხადა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას გია ბარამიძემ აღნიშნა, დეპუტატს ავთანდილ ანთაძესთან ურთიერთობა მას შემდეგ არ ჰქონია, რაც შს მინისტრის პოსტი დატოვა.
აღსანიშნავია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი სროლებისა და მასში მისი ყოფილი მოადგილის ანთაძის მონაწილეობის შესახებ, გია ბარამიძემ „კვირასგან“ შეიტყო.
„წარმოდგენა არ მაქვს, ავთანდილ ანთაძე ამჟამად რას საქმიანობს, ან რატომ უნდა ვიცოდე, 12 წლის წინ ჩემი მოადგილე იყო, მასთან ურთიერთობა, რაც თანამდებობა დავტოვე, საერთოდ აღარ მქონია“, – აღნიშნა გია ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით ერთი საათის წინ აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში სროლა იყო. როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, პირი, რომელსაც გია ბარამიძის ყოფილმა მოადგილემ ავთანდილ ანთაძემ ესროლა, სოდის ყოფილი თანამშრომელი მამაგეიშვილია.  ცნობილი გახდა ისიც, რომ მას სოდის კიდევ ერთი ყოფილი თანამშრომელი ახლდა, რომელმაც მამაგეიშვილის დაჭრის შემდეგ, ანთაძეს ესროლა.
„კვირასთვის“ ასევე ცნობილი გახდა, რომ ანთაძეს მამაგეიშვილის ვალი ჰქონდა, რომლის რაოდენობაც 100 ათასს აღემატებოდა.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი ორმხრივი სროლის შედეგად დაჭრილი მამაგეიშვილის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. როგორც „კვირას“ კლინიკაში განუცხადეს, მას გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.
ავთანდილ ანთაძე, რომელმაც კრედიტორს ესროლა, 2004 წელს, გიორგი ბარამიძის შს მინისტრობის დროს, მისი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მას მეუღლე და სამი შვილი ჰყავს.
როგორც “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19/108 (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები