გიორგი მარგველაშვილი: მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საგანგებოდ, თურქეთში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მოწვეული ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება გააკეთა.
“პირველ რიგში, გვინდა გამოვხატოთ მხარდაჭერა თურქეთის სამოქალაქო და დეოკრატიულად არჩეული ხელისუფლების მიმართ.
მე პირადად გამოვხატავ მხადაჭერას პრეზიდენტ ერდოღანისადმი და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში დესტაბილიზაცია დაიძლევა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება.
მსურს დავამშვიდო საქართველოს მოსახლეობა, რომ მათ და ჩვენ ქვეყანას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, ამასთანავე, მინდა ვურჩიო ჩვენს მოქალაქეებს, რომ სიტუაციის სრულად დასტაბილურებამდე თავი შეიკავონ თურქეთში მგზავრობისგან.
საქართველო, ამ კონკრეტულ ვითარებაში, დაცულია. ჩვენ, ამ ვითარებასთან მიმართებაში, საგანგებო ზომებს არ ვატარებთ.
რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციის განვითარებას და დინამიკას, თუმცა ამასთანავე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორის სტაბილურობა.
მნიშვნელოვანია, რომ ეს ქვეყანა იყოს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფალის მიერ მართული. ბუნებრივია, თურქეთში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია და, ამ თვალსაზრისით, თურქეთის სტაბილურობა ჩვენზე აისახება, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ვითარება უახლოეს საათებში განიმუხტება.
რაც შეეხება საზღვარს, ეს არის მყისიერი მოქმედება და ეს არ არის საბოლოო საზღვრების ჩაკეტვა. ეს ხორციელდება მხოლოდ თურქეთის მონაკვეთზე. რაც შეეხება საჰაერო მიმოსვლას, როგორც კი თურქეთში ვითარება დასტაბილურდება, აღდგება.
კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს რაიმე საფრთხე არ ემუქრება”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები