ნიცის ქუჩები ცარიელია – რას ყვება ნიცაში მყოფი ქართველი, რომლის მეუღლეც ტერაქტს სასწაულებრივად გადაურჩა

ნიცის ქუჩები ცარიელია, დაკეტილია ყველა საჯარო დაწესებულება, ხალხი პანიკაშია, – ამის შესახებ „კვირას“ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მყოფმა ქართველმა განუცხადა.
როგორც ელენე წიკლაურმა „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, ქალაქში პანიკაა, მოსახლეობა ქუჩაში არ გადის. ნიცაში შეყვანილია პოლიციისა და ჯარის გაძლიერებული ქვედანაყოფები და ყოველ 20-30 მეტრში ბლოკსაგუშაგოებია გახსნილი.
ელენეს მეუღლე სწორედ იმ დროს იმყოფებოდა ნიცაში, როდესაც ეს ამბავი მოხდა. როგორც ელენე ამბობს, დათო ზუსტად იმ სანაპიროზე იყო მისული, სადაც თავდასხმა განხორციელდა და იქიდან, ტერაქტამდე სულ რამდენიმე წუთით ადრე, წავიდა.
„საშინელება ხდებოდა, მთელი ნიცა ტიროდა, უამრავი სასწრაფო და საკაცე იყო, ყველგან სასწრაფოების სირენები ისმოდა. ქუჩა სავსე იყო დაღუპულების ცხედრებით… საავადმყოფოები კი – დაჭრილებით“, – განუცხადა „კვირას“ ელენე წიკლაურმა.
მისი თქმით, ნიცასა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გაძლიერებულია აეროპორტების, რკინიგზის სადგურების და საზღვრის დაცვა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში ხუთშაბათს მომხდარი ტერაქტის შედეგად 84 ადამიანი დაიღუპა და 120-ზე მეტი დაშავდა. ტერორისტი სატვირთო ავტომობილით სანაპიროზე შეკრებილ ხალხში შევარდა და მათ გადაუარა. პოლიციის ინფორმაციით, მან ცეცხლიც გახსნა. პოლიციამ თავდამსხმელი მოკლა.

მიხეილ ვარძელაშვილი 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები