დავით ზურაბიშვილი: სტრატეგიულ-პარტნიორული თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გამორიცხულია

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „რესპუბლიკური პარტია“ ყველა საკითხზე საბოლოოდ ჩამოყალიბებული არ არის.
„ჯერჯერობით, მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ დავით უსუფაშვილი საბურთალოს ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იქნება წარდგენილი. გარკვეულ საკითხებზე პარტია უკვე ჩამოყალიბებულია, რაღაც საკითხები ჯერ კიდევ შესათანხმებელია. დიდი დრო არ გვაქვს. ძალიან მალე მოხდება საარჩევნო სიის, მაჟორიტარებისა და საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია“,- განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრმა დავით ზურაბიშვილმა.
რაც შეეხება სამომავლო და გრძელვადიან ურთიერთობებს პოლიტიკურ პარტნიორებთან, დავით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს თავად კონკრეტულ სუბიექტებზეა დამოკიდებული.
„უფრო მარტივად შეიძლება ითქვას, ვისთან არ ვითანამშრომლებთ. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია ის პარტიები, რომლებიც არ არიან პროდასავლური ორიენტაციის, ამბობენ, რომ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაა პრიორიტეტი და ნატო რად გვინდაო. ასეთ პირებთან და პარტიებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას ვერ განვიხილავთ. ვინც იზიარებს იმ ღირებულებებს, რაც ჩვენ გვაქვს და რეალურად დავინახავთ ამ ღირებულებების მიმართულებით კონკრეტულ სურვილებს, პარტნიორობა ყველასთან შეგვიძლია. ამ ეტაპზე პრაქტიკულად გამორიცხულია სტრატეგიულ-პარტნიორული თანამშრომლობა „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომელიც ექსკლუზივად თავს აყენებს ერთადერთ პროდასავლურ ძალად და ამბობს, რომ ყველა დანარჩენი რუსეთის აგენტია, ასეთ ძალასთან თანამშრომლობის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ზოგადად, პარლამენტი არის ურთიერთთანამშრომლობის და ოპონირების. ეს არ არის მხოლოდ საჩხუბი და საომარი ადგილი“, – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები