დავით ზურაბიშვილი პოზიტიურად აფასებს „ქართული ოცნების“ გუნდის ახალ შემადგენლობას

„რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პოზიტიურად აფასებს „ქართული ოცნების“ გუნდის ახალ შემადგენლობას, რომელიც პრემიერ -მინისტრმა საზოგადოებას გუშინ წარუდგინა.

როგორც დავით ზურაბიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, „რესპუბლიკური პარტია“ ახალი სახეების მოსვლას და განახლებას ყველა პარტიაში მიესალმება.

„ჩვენ ყველა პარტიის განახლებას მივესალმებით. იმ ადამიანების მოსვლა, რომლებსაც თანამედროვე სტრატეგიულ და საგარეო ორიენტაციაში ეჭვი არ ეპარებათ, ასეთი სახეების მოსვლას ყველა კონკურენტულ პარტიაში მივესალმებით. კარგად გვესმის, რომ ეს ჩვენი კონკურენტი პარტიის გაძლიერებას ნიშნავს, მაგრამ რაც უფრო კვალიფიციური და კონკურენტუნარიანი სახეები იქნებიან პარტიებში წარმოდგენილი, ქვეყნისთვის ეს არის მხოლოდ კარგი. ჩვენ მზად ვართ მათთან კონკურენციისთვის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის ურთიერთობა არ შეიძლება იყოს ისეთი, როგორიც დღეს გვაქვს, როცა კონკურენტი პარტიები ერთმანეთს, როგორც მოსისხლე მტერს, ისე უყურებენ,“- განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

მისივე აზრით, კონკურენცია უნდა ნიშნავდეს იმას, რომ, ერთმანეთში კამათის მიუხედავად, გარკვეულ საკითხებში ყველა პოლიტიკური ძალა ერთიანი პოზიციით წარდგეს.

„ვიღაცა ვიღაცას რომ ეუბნება, რუსეთის აგენტი, მანიაკი ხარ, ასე ძალიან რთულია, ვინმესთან საერთო ენა იპოვო. სასურველი იქნება და იმედი გვაქვს, რომ ახალი ძალები და ახალი ენერგია იქნება სხვა პარტიებშიც. იმედი გვაქვს, „ქართული ოცნების“ ახალი სახეები ამ პარტიაში იქნებიან არა ფასადი, არამედ რეალურად ამინდის და დღის წესრიგის შემქმნელები“,-თქვა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები