გიორგი კვირიკაშვილი: აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ

საქართველოს პრემიერ – მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ.
„სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი“, – ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა საგურამოში „ქართული ოცნების“ გუნდის ახალი წევრების წარდგენისას განაცხადა.
მისი შეფასებით, საგურამოში განსაკუთრებულად იგრძნობა ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც თითოეულ ქართველს სამშობლოს წინაშე აკისრია.

“დღევანდელი ჩვენი თავშეყრით საგურამოში, აქ, სადაც ილიას უკვდავი სული ტრიალებს, გვინდა, პირველ რიგში, საკუთარ თავს და ქართველ ხალხს დავუდასტუროთ, რომ დიდი ილიას გზის, მისი ღირებულებების ერთგულნი ვიქნებით და ძალ-ღონეს არ დავიშურებთ ჩვენი სამშობლოს, ჩვენი ხალხის სამსახურისთვის. ჩვენ არ გადავუხვევთ ქართველი ერის ისტორიულ არჩევანს და მტკიცედ ვივლით ევროპისკენ, განათლებული და წარმატებული საქართველოსკენ. ისევ ილიას სიტყვებს მოვიშველიებ, რომელიც გვეუბნებოდა: „ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღევანდელ თაობას პატივი ერგო, იყოს ქვეყანაში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ისტორიული პოლიტიკური პროცესების შემოქმედი და მონაწილე.

„დღეს ყველა ერთად გავდივართ იმ გზას, რომელმაც უნდა განსაზღვროს საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომავალი. ჩვენ, როგორც მმართველ გუნდს, აღებული გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა სახელმწიფოებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ, ფეხზე დავაყენოთ ეკონომიკა და ყველაფერი გავაკეთოთ ჩვენი ხალხის, თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის მისაღწევად. საუკუნეზე მეტი ხნის წინ თქვა ილიამ: ,,ყოველი წყობილება, რომლის ძალითაც მოქმედებს მთელი კაცობრიობა, იმიტომ არის შემოღებული, რომ ადამიანი, რამდენადაც შესაძლოა, ბედნიერი იყოს“. ეს სიტყვები ჩვენი გზის სისწორეს ადასტურებს – დიახ, ჩვენი ხელისუფლება ისეთ სახელმწიფოს აშენებს, რომლის ცენტრშიც ადამიანი და მისი ღირსებაა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები