პროკურატურის ინფორმაციით, გურამ რჩეულიშვილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს

„ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, საქმეზე ბრალდებულ გურამ რჩეულიშვილს საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს“ – ამის შესახებ “ცენტრ პოინტის” საქმის პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით იგი კმაყოფილია.
„გურამ რჩეულიშვილი ამ ეტაპზე დაკავებული არ არის და ოფიციალურად რაც ვიცით, მას საქართველოს საზღვარი არ აქვს გადაკვეთილი. არაოფიციალურად შეიძლება გადავიდა და აქედან გამომდინარე, ვერ გეტყვით საქართველოში იმყოფება ის თუ არა. სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი განჩიების საფუძველზე გურამ რჩეულიშვილზე ძებნა გამოცხადდება. სასამართლოს გადაწყვეტილება არის სრულიად სამართლიანი, ვინაიდან არსებობდა ოთხივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები. კერძოდ ის, რომ ოთხივე ბრალდებულის მიმართ არსებობდა მიმალვის საფრთხე, გურამ რჩეულიშვილი საერთოდ ემალება გამოძიებას და არ გამოცხადდა ამ ეტაპამდე როგორც საგამოძიებო ორგანოში, ასევე სასამართლოში. მაია რჩეულიშვილი კი, მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს წაყენებული ბრალის საფუძველზე სასამართლოს მიერ უკვე შეფარდებული აქვს გირაო, კვლავინდებურად აგრძელებდა დანაშაულებრივ საქმიანობას. ამ ახალი გამოძიების ფარგლებში იყო მოწმეებზე ზემოქმედების ფაქტები“, – განაცხადა მერაბ ჯერენაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები