6 თვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის მაჩვენებელი 21,33%-ით არის გაზრდილი

მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საქართველოს აეროპორტებში დაფიქსირდა მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა გასული წლის 6 თვესთან შედარებით, კერძოდ მიმდინარე წელს, საქართველოს აეროპორტების მიერ რეგულარული და ჩარტერული რეისების შედეგად სულ გადაყვანილ იქნა 1 082 828 მგზავრი, რაც 21,33%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მონაცემს (892 468 მგზავრი).
როგორც “კვირას” სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან აცნობეს, 
ზრდა დაფიქსირდა საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში:
• თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 2016 წლის 6 თვის განმავლობაში მოემსახურა 893 222 მგზავრს, როდესაც 2015 წელს ეს მონაცემი შეადგენდა 749 230 მგზავრს (მატებამ 19,22% შეადგინა);
• ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიერ გადაყვანილ იქნა 92 682 მგზავრი, რაც 47,14%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (62 987 მგზავრი);
• ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი გაიზარდა 21%-ით. თუ წინა წლის 6 თვეში აეროპორტი მოემსახურა 78 859 მგზავრს, მიმდინარე წელს ამ მაჩვენებელმა 95 430 მგზავრი შეადგინა.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წლის 6 თვის განმავლობაში, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა რამოდენიმე მიმართულებით:
• ისრაელსა და საქართველოს შორის გადაყვანილ იქნა 65 759 მგზავრი, რაც 87%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიურ მონაცემებს (35 257 მგზავრი). მგზავრთნაკადის ზრდა განპირობებულია ტურისტების მხრიდან მაღალი მოთხოვნით და შესაბამისად მხარეთა შორის საჰაერო მიმოსვლის სიხშირეების ზრდით, კერძოდ კი ფრენის სიხშირე გაიზარდა ჯერ 10-დან 14-მდე (კვირის განმავლობაში თითოეული მხრიდან), ხოლო შემდეგ კი 14-დან 21-მდე. ფრენები ხორციელდება ერთი ქართული და სამი ისრაელის ავიაკომპანიის მიერ;
• მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა არაბთა გაერთიანებული საემიროებსა და საქართველოს შორის, ზრდამ შეადგინა 78% (2015 წელს – 46 052 მგზავრი, 2016 წელს – 82 107 მგზავრი,);
• საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლის განხორციელების კუთხით 56%-იანი ზრდა დაფიქსირდა (2015 წელს 129 732 მგზავრი, ხოლო 2016 წელს – 202 000 მგზავრი,), რაც ძირითადად განპირობებულია რუსი ტურისტების ინტერესის ზრდით საქართველოს მიმართ;
• საბერძნეთსა და საქართველოს შორის გადაყვანილ იქნა 16084 მგზავრი. ზრდამ 155% შეადგინა (2015 წელს 6314 მგზავრი, 2016 წელს 16084 მგზავრი);
• მგზავრთნაკადმა იმატა ასევე უკრაინა-საქართველოს მიმართულებითაც. ზრდამ შეადგინა 28% (2015 წელს – 105 797 მგზავრი, 2016 წელს კი 135 511 მგზავრი).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები