2016 წელს ყველა დევნილს ბინა საკუთრებაში ექნება

     დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა გასულ წელს დავიწყეთ და უკვე 2016 წელს ყველა დევნილს საკუთრებაში ექნება ბინა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დადიანების სასახლეში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.
პრემიერის განცხადებით, სამეგრელოს მოსახლეობამ მრავალ განსაცდელს გაუძლო და სახელმწიფოს ვალია, რომ მათი ღირსეულად ცხოვრება უზრუნველყოს.
„კარგად ვიცი, რა ტრაგედია გამოიარა სამეგრელომ 90-იან წლებში. სახელმწიფომ თქვენ ვერ დაგიცვათ და უამრავი შეცდომაც დაუშვა. უამრავი სისასტიკე, უამრავი ძალადობა მოხდა აქ, სამეგრელოში.
ეს იყო წლები, როდესაც ახალგაზრდა სახელმწიფოს სამართლიანობისა და კანონიერების დაცვა არ შეეძლო. თქვენ წარმოუდგენელ განსაცდელს გაუძელით.
სამეგრელო ნელ-ნელა იშუშებდა იარებს, როცა 2008 წელს ახალი უბედურება დაატყდა თავს. თქვენ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს განსაცდელიც ღირსეულად გადაიტანეთ.
ამ ომმა ახალი დევნილები, ახალი დაკარგული ტერიტორიები მოგვიტანა. ჩვენი დევნილები უნდა დაბრუნდნენ აფხაზეთში, თავის სამშობლოში, თავის მიწა-წყალზე!
სამწუხაროდ, სახელმწიფომ 20 წელი ვერაფრით მოახერხა, რომ ამ ადამიანებს, თუნდაც დევნილობაში, ღირსეულად ცხოვრება შეძლებოდათ. ჩვენი მთავრობა სრულიად ახლებურად უდგება დევნილი მოსახლეობის პრობლემებს.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მათ მიეცეთ საშუალება, მშვიდად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, თავიანთი მომავალი, მანამდე, ვიდრე დროებით დაკარგულ სახლ-კარს დაუბრუნდებიან“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა დევნილებისთვის საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. მისივე თქმით, დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა 2016 წელს დასრულდება.
„იცით, რომ ვაშენებთ საცხოვრებელ კომპლექსს დევნილებისათვის. ამდენი წლის შემდეგ, მათ უკვე ექნებათ საკუთარი ჭერი. ეს ბინები მათ საკუთრებაში გადაეცემათ. მესმის, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ სახლში ცხოვრება.
ამ საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობისთვის 10-მილიონიანი ინვესტიცია ჩაიდო. იცით, რომ აქ, ზუგდიდში, შენდება 8 საცხოვრებელი კორპუსი. კომპლექსის მშენებლობაზე უმეტესად დევნილები არიან დასაქმებული. ჩვენ შევეცადეთ, ამ მხრივაც ამოვდგომოდით მათ მხარში.
თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ არ ვყოფთ დევნილებს კატეგორიებად, ძველ და ახალ დევნილებად, როგორც ეს აქამდე ხდებოდა. არა აქვს მნიშვნელობა, როდის, რომელი ხელისუფლების დროს ერგოთ მათ ეს უმძიმესი ხვედრი. სახელმწიფო ვალდებულია დაეხმაროს ყველას, თითოეულ ადამიანს, ვინც დევნილად იქცა.
ჩვენი ხელისუფლების პირობებში 2000 დევნილი ოჯახი, საშუალოდ 8000 ადამიანი, უკვე დაკმაყოფილდა საცხოვრებელი ფართებითა და პირობებით. ჩვენ ვახორციელებთ გრძელვადიანი განსახლების პროგრამას. დევნილთა საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა გასულ წელს დავიწყეთ და უკვე 2016 წელს ყველა დევნილს საკუთრებაში ექნება ბინა. ასევე ფართომასშტაბიან მშენებლობას ვიწყებთ თბილისში, ქუთაისში, გორსა და ბათუმში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები