მაიკლ ფელონი: პარტნიორები დაინტერესებულები არიან სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობით

პოლონეთის დედაქალაქში მიმდინარე ნატოს სამიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი თავდაცვის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მდივანს, მაიკლ ფელონს შეხვდა. თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ კოლეგას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში დამატებითი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ახლო მომავალში ბრიტანელი ოფიცერი თბილისში ნატოს ძირითად გუნდს შეუერთდება და ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრის მუშაობაში ჩაერთვება.
თავის მხრივ, მაიკლ ფელონმა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლონდონში დაგეგმილ გაეროს სამშვიდობო ოპერაციების შეკრებაზე მიიწვია და აღნიშნა, რომ პარტნიორები დაინტერესებულები არიან სამშვიდობო ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობითა და ქართული მხარის გამოცდილების გაზიარებით, განსაკუთრებით კი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ინციდენტზე ჩატარებული გამოძიების კონტექსტში. ორმხრივ შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რაც პარტნიორების მხრიდან უმაღლეს შეფასებას იმსახურებს და ერთგვარ მაგალითად იქცა. საუბარი შეეხო საქართველოში ნოემბერში დაგეგმილ ერთობლივ სწავლებასაც. თინათინ ხიდაშელმა ბრიტანელ კოლეგას სთხოვა, რომ „Noble Partner“-ის გამოცდილების გათვალისწინებით, სადაც ბრიტანელმა სამხედროებმა ამერიკელებთან ერთად აქტიური მონაწილეობა მიიღეს, მნიშვნელოვანია ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებაში ბრიტანელი სამხედროები ჩაერთონ და სწავლების წარმატებით განხორციელებაში აქტიური წვლილი შეიტანონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები