პრეზიდენტი ნატოს სამიტზე მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ვარშავაში ნატოს სამიტზე დასასწრებად უკვე მივიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
“აქ ვართ მეგობრებთან ერთად და ვამუშავებთ სტრატეგიას, თუ როგორ გავხადოთ მსოფლიო, შავი ზღვა და საქართველო უფრო უსაფრთხო ადგილი”, – განაცხადა სამიტზე შესვლამდე საქართველოს პრეზიდენტმა.
ნატოს გენერალური მდივნის და პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მისალმების ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც დელეგაციის ხელმძღვანელები ერთობლივ ფოტოს გადაიღებენ. ვარშავის სამიტის ფარგლებში, დღეს პირველად შედგება საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც მონაწილეობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მიიღებს.
ქვეყნის პირველი პირი, დღეს, სამიტის ფარგლებში, ბელგიის პრემიერ-მინისტრს შეხვდება. ასევე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა ნიდერლანდების და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან და თავდაცვის მინისტრის შეხვედრა აშშ-ს თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან. საქართველოს პრეზიდენტი დღის ბოლოს სამუშაო სადილს დაესწრება, რომელიც ნატოს პარტნიორი ქვეყნების დელეგაციათა ხელმძღვანელების პატივსაცემად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები