„გაეროსა და ბრიტანელმა ექსპერტებმა საქართველოს ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს მაღალი შეფასება მისცეს“

გაეროსა და ბრიტანელმა ექსპერტებმა საქართველოს ადამიანის უფლებების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს მაღალი შეფასება მისცეს, – აღნიშნულის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ „კვირას“ პრესკლუბში ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი ლონდონში რამდენიმედღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. „მნიშვნელოვანი წარმატება ადამიანის დაცვის კუთხით იყო შეფასებული როგორც გაეროს, ასევე ბრიტანელი ექსპერტების მიერ. შესაძლებლობა მქონდა, ლონდონის პარლამენტში ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტში გამართულ პრეზენტაციაზე წარმომედგინა ის ცვლილებები და სიახლეები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო ადამიანის დაცვის კომიტეტის მხარდაჭერით“, -აღნიშნა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, ძალიან მაღალი შეფასება ეხება იმ სიახლეებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა დანერგა პირველად საპარლამენტო ცხოვრებაში და ეხება ახალ სტანდარტებს. „ეს ეხება საერთაშორისო სასამართლოს ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე საპარლამენტო კონტროლის დაწესებას. ეს ცვლილებები მივიღეთ პარლამენტის მუშაობის ბოლო თვეში. ჩვენმა კომიტეტმა ასევე ინიცირება გაუკეთა ახალ ცვლილებებს, რომლებიც ეხება გაეროს საზედამხედველო კომიტეტების ანგარიშების მომზადებას და ამ პროცესში პარლამენტის ჩართვას. სამწუხაროდ, პარლამენტი ამ პროცესში არასდროს იყო ჩართული და წინა წლებში, ძალიან ბევრი გაეროსთვის წარსადგენი ანგარიში საქართველოს გამოტოვებული ჰქონდა. ეს იყო ძალიან ცუდი მაჩვენებელი, როდესაც ხშირად ისმოდა კრიტიკა ადამიანის უფლებების კუთხით. სწორედ ჩვენი კომიტეტი იყო ინიციატორი და ლიდერი ამ პროცესის და ეს ცვლილებები კანონში აისახა,“- თქვა ბესელიამ. მისი თქმით, ბრიტანელი ექსპერტები მთელი წლის განმავლობაში ადამიანის უფლებების დაცვის საპარლამენტო კომიტეტთან მუშაობდნენ, მათ ჩაატარეს კომიტეტის საქმიანობის კვლევა და მოამზადეს რეკომენდაციები. „სწორედ ამ რეკომენდაციების მიხედვით დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა. როდესაც მათ ნახეს, რამდენად სწრაფად მოხდა ამ ცვლილებების იმპლემენტაცია, ახალი სტანდარტების დანერგვა, ისინი აღფრთოვანებულები იყვნენ. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის უდავოდ კარგი სიახლე, პროგრესი და მნიშვნელოვანი ჩვენი მოსახლეობისთვის, ქვეყნისთვის, რომელიც, პირველ რიგში, სწორედ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით უნდა წარმოაჩენდეს მიღწევებს“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები