ვარშავაში ნატოს რიგით 27-ე სამიტი გაიხსნა

ვარშავაში ნატოს რიგით 27-ე სამიტი მუშაობას შეუდგა. ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ სტადიონზე ექსპერტთა ფორუმით გაიხსნა, რომელსაც ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ხელმძღვანელობენ.
ვარშავაში მთელი მსოფლიოდან 58 დელეგაციაა ჩასული. სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრეზიდენტიც. ორდღიან შეხვედრაზე შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზეც იმსჯელებენ, რომლის სრულფასოვანი მონაწილე, სავარაუდოდ, საქართველოც უნდა გახდეს. სამიტის ფარგლებში ჩატარდება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაც.
ნატოს სამიტზე მიიღებენ გადაწყვეტილებას ალიანსის უსაფრთხოების გაძლიერებასა და მისი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების თაობაზე, ასევე მის საზღვრებს გარეთ სტაბილურობის გაძლიერებაზე.
მოკავშირეები შეთანხმდებიან ესტონეთში, ლატვიაში, ლიტვასა და პოლონეთში ოთხი ძლიერი და მრავალეროვნული ბატალიონის განთავსებაზე როტაციულ საფუძველზე.
რუმინეთში მრავალწარმომადგენლობითი ბრიგადა უზრუნველყოფს შესაბამის ძალებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს კიბერთავდაცვისა და სამოქალაქო მზადყოფნის გასაძლიერებლად და ევროატლანტიკურ სივრცეზე ბალისტიკური სარაკეტო თავდასხმის თავიდან ასაცილებლად.
“ჩვენს საზღვრებს მიღმა სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, ლიდერები შეთანხმდებიან, რომ გააფართოვონ ნატოს საწვრთნელი მისია ერაყში და მისი როლი ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში.  ისინი ასევე დაეთანხმებიან ნატოს AWACS სისტემის სათვალთვალო თვითმფრინავის განლაგებას გლობალური კოალიციის მხარდასაჭერად ISIS-ის წინააღმდეგ.
ნატო გააგრძელებს ავღანეთისთვის სამხედრო და ფინანსურ დახმარებას და გააძლიერებს პოლიტიკურ და პრაქტიკულ თანამშრომლობას უკრაინასთან, საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკასთან.
2014 წელს, უელსში, ბოლო სამიტიდან მოყოლებული, მოკავშირეებმა განახორციელეს კოლექტიური თავდაცვის ყველაზე დიდი ზრდა ცივი ომის შემდეგ.
გასულ წელს, პირველად მრავალი წლის განმავლობაში, მოკავშირეებმა ასევე გაზარდეს თავდაცვითი ხარჯები. დღეს, ნატო უფრო ძლიერია და მზადაა, ნებისმიერი გამოწვევისთვის.  ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფას წლების განმავლობაში”, – ნათქვამია ალიანსის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები