პოლიციამ რუსთავში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 1994 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, 185 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ამფეტამინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე, ამოიღო ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები, ელექტრო სასწორი, წებოვანი ლენტი და პოლიეთილენის ჩამკეტიანი პარკები.

გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები