ალექსანდრე ჯეჯელავა: მანდატური მომწონს, მაგრამ მანდატურებს აშკარად სჭირდებათ რებრენდინგი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მას მანდატურის სამსახური მოსწონს, რებრენდინგს მაინც გეგმავს.
როგორც ჯეჯელავა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, იგი მანდატურისთვის სახელის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადებას აპირებს.
„მანდატურებს აშკარად სჭირდებათ რებრენდინგი. მე მანდატური მომწონს, მიმაჩნია, რომ უნდა იყოს. კომაროვში პირველი მანდატურის მოსვლას მოვესწარი. ეს იყო ჩაფიქრებული, როგორც ბუა. ბუა და პოლიციელი იყო ბავშვისთვის, რაც ნეგატიურად მოქმედებს ფსიქიკაზე. ბუა და პოლიციელი იყო მასწავლებლისთვის, რაც ჩაგვრის ელემენტია, რომ „შენ გაჩვენებ სეირს“. ბუა და პოლიციელი იყო დირექტორისთვის. პირველი 20 მანდატური სკოლის დირექტორი გახდა, ასე მითხრეს, არ ვიცი, გადაამოწმეთ. თუა ასეა, ნიშნავს, რომ მივიდა ტიპი, ძირი გამოუთხარა, სკამს ფეხი მოუხერხა და დაჯდა. 21-ე დირექტორი რას გრძნობს, ხომ წარმოგიდგენიათ?“ – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე ინფორმაციით, ახლა გაფორმებულია სამმხრივი ხელშეკრულება, მანდატური კოორდინაციაშია დირექტორთან, გახდა თანამშრომელი, რაც პოზიტიურია.
„მაგრამ ბუას იმიჯი, თუნდაც ფორმა, რომელიც პოლიციისას ჰგავს, დარჩა. სიტყვა მანდატური ზუსტად არ ვიცი, რას ნიშნავს, მაგრამ ასეთი უცხო სიტყვა რომ შემოგაქვს, კომენდანტის „ბიძაშვილი იქნება“. მე რომ მომახერხებინა, მანდატურს პარალელურად მიჰყავდეს რაიმე წრე, მაგალითად, საგზაო უსაფრთხოება, ბავშვებთან მეგობრობა დამყარდება“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მინისტრმა კიდევ ერთი მიზეზი განმარტა, რის გამოც სამსახურის რებრენდინგი სურს. მისი თქმით, აღნიშნულმა ორგანიზაციამ ფსიქოლოგიური კონსულტაციის გაცემა დაიწყო. მანდატურის სამსახურში ფსიქოლოგთან ვიზიტი უცნაურად ჟღერს. ალექსანდრე ჯეჯელავას თქმით, თუკი გარკვეულ საკითხებთან წინააღმდეგობაში არ მოდის, მანდატურისთვის სახელის შესაცვლელად კონკურსის გამოცხადებას აპირებს. მინისტრის განმარტებით, საკი’თხის კარგად ჩამოყალიბებას მინიმუმ 6 თვე დასჭირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები