კარალეთში 2008 წლის აგვისტოს დროს დაბომბილი ამბულატორია გაიხსნა
სოფელ კარალეთში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაბომბილი ამბულატორია გაიხსნა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, კერძოდ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპის სარდლობის მიერ გამოყოფილი თანხებით შეკეთდა.
კარალეთის ამბულატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკითა და საოფისე ნივთებით აღიჭურვა. ამბულატორიის გახსნას კარალეთში: აშშ-ის ევროპის სარდლობის სამედიცინო სამსახურის უფროსი, პოლკოვნიკი ჯონი მიტჩელი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. აღნიშნული პროექტი აშშ-ის საელჩოს, აშშ-ის ევროპის სარდლობის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამსახურისა და აშშ-ის სახმელეთო ჯარების ინჟინერთა კორპუსის ერთობლივი მუშაობის შედეგად განხორციელდა.