„თუ გიგი წერეთელს ასამბლეა აირჩევს თავმჯდომარედ, ეს არც ძალიან ცუდი იქნება და არც ძალიან კარგი“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი წერეთლის კანდიდატურის წამოყენების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ გადაწყვეტილებას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 77 დელეგაცია იღებს და გადამწყვეტი ასამბლეაში შექმნილი პოლიტიკური ჯგუფების პოზიციებია.
„თუ მას ასამბლეა აირჩევს თავმჯდომარედ, ეს არც ძალიან ცუდი იქნება და არც ძალიან კარგი. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა ყოველ წელს ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. დღევანდელი მდგომარეობით, თავმჯდომარეა ბატონო კანერვა, მას ჰყავს ვიცე-თავმჯდომარეები. გიგი წერეთელი რამდენიმე წელია ვიცე-თავმჯდომარეა ამ ორგანიზაციაში. ასე, რომ თუ მას ასამბლეა აირჩევს თავმჯდომარედ, ეს არც ძალიან ცუდი იქნება და არც ძალინ კარგი. ეს ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. ამ თემაზე აჟიოტაჟი სრულიად ბუნებრივია, რაც საქართველოში გამოიწვია.
მინდა ყველას შევახსენო, რომ აქ საკითხი წყდება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ, 77 დელეგაციის მიერ და არა საქართველოს დელეგაციის მიერ. 500 ხმაში საქართველოს აქვს 3 ხმა. ასე, რომ არც არ უნდა გულზე მჯიღი ვიცეთ ,მხარს ვუჭერ, ვიღაც ამბობს არ ვუჭერ, ეს არ არის გადამწყვეტი“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა და განმარტა, რომ გადამწყვეტია იმ ჯგუფების პოზიციები, რაც შექმნილია საპარლამენტო ასამბლეაში.
„საპარლამენტო ასამბლეებში პოლიტიკური ჯგუფები იღებენ გადაწყვეტილებებს და არა ინდივიდები. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ „სახალხო პარტია“ გიგი წერეთელის კანდიდატურას მხარს უჭერს, რომელიც არის ამ პარტიის წევრი, ხოლო „სოციალ-დემოკრატებს“ მხარს „ქართული ოცნება“ უჭერს. მე პირადად „ლიბერალ-დემოკრატიული გაერთიანების” წევრი ვარ და მათთან ერთად გადაწყვეტილებებს მივიღებთ. ეს გადაწყვეტილებები მიიღება ეუთოს მასშტაბით განსახორციელებელ საქმეებზე და აქ შიდა პოლიტიკური სიმპათია-ანტიპათიები არაფერ შუაში არ არის.
გადაწყვეტილებები პოლიტიკურად უნდა მივიღოთ და, საერთოდ, უნდა ვისწავლოთ ეს ამბავი, რომ საერთაშორისო არენაზე შიდა კინკლაობები, ბწკენები და „მომწონს-არ მომწონს“ – არის სირცხვილი. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ საკითხი, ეუთოს როგორ მოაწყობს საქმე და ეუთოსთვის რა იქნება კარგი და სწორი და იმ პოლიტიკურ ჯგგუფებს შორის რა შეთანხმებები იქნება.
მაგალითად, თუ ერთი კანდიდატი „ლიბერალ-დემოკრატებს“ დაჰპირდება, რომ ორ ვიცე-თავმჯდომარეს დაუჭერს მხარს, შესაძლოა, ეს იყოს გადამწყვეტი და არა ვინმეს ეროვნება. ეს საკითხი 5 ივლისს იქნება, მანამდე სხვა ბევრი საკითხია”,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
შეგახსენებთ, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურა „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები