ირაკლი კობახიძე: ჩვენ პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს მივიღებთ, ვიდრე დანარჩენი პარტიები, ერთად აღებული
ჩვენ პარლამენტში იმაზე მეტ მანდატს მივიღებთ, ვიდრე დანარჩენი პარტიები, ერთად აღებული, – აღნიშნული განცხადებით „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე შიდაპარტიულ კვლევას აფასებს.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, კვლევები შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამ საკითხთან დაკავშირებით, რის გამოც პარტიამ მისი გასაჯაროვება გადაწყვიტა.
„ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში არ ვაქვეყნებდით შიდა კვლევის შედეგებს, გამომდინარე იქიდან, რომ ის შიდა მოხმარებისთვის იყო გამიზნული, თუმცა ძალიან ბევრი სპეკულაცია იყო ამასთან დაკავშირებით. პრაქტიკულად, მოთხოვნა იყო და, აქედან გამომდინარ,ე გადავწყვიტეთ გამოგვექვეყნებინა ჩვენი შიდა კვლევის შედეგები. ჩვენ სრულად ვენდობით იმ ორგანიზაციას, რომელიც ჩვენთვის ატარებს ამ კვლევას. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობთ ჩვენ მათთან და იმ პირობებში, როდესაც არცერთი სხვა ცნობილი სოციოლოგიური ორგანიზაცია არ დებდა სანდო კვლევის შედეგებს, ჩვენ ყოველთვის გვაძლევდა ჩვენი ორგანიზაცია არჩევნების შედეგის პროგნოზირების საშუალებას. აქედან გამომდინარე, ჩამოყალიბდა სწორედ ნდობა ჩვენს სოციოლოგიურ კვლევით ორგანიზაციასთან”,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის თქმით, კვლევის შედეგები რეალურია და სრულად ასახავს სინამდვილეს.
„ჩვენ გვაქვს იმაზე მეტი პროცენტული მხარდაჭერა, ვიდრე ყველა სხვა პარტიას ერთად აღებულს. სწორედ ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენ შევძლებთ ოქტომბრის არჩევნებში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვებას, ანუ, 50%-ზე მეტის მიღებას”,- დასძინა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული შიდა სოციოლოგიური კვლევებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 13%-მდეა, „ქართული ოცნების“ კი 35%-ს შეადგენს.