16 ივლისს „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო სიას წარადგენენ

16 ივლისს „თავისუფალი დემოკრატები“ საარჩევნო სიას გამოაქვეყნებენ, ღონისძიება პარტიის 7 წლის იუბილის პარალელურად გაიმართება.
„კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას, პარტიის წევრმა ირაკლი ჩიქოვანმა ისიც დასძინა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ რიგებს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებიც შეემატებიან.
„თავისუფალი დემოკრატები“ ვასრულებთ ჩვენს მუშაობას მაჟორიტარ კანდიდატებთან მიმართებაში და გვექნება მათი პრეზენტაცია როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.
16 ივლისს ვგეგმავთ საიბილეო ყრილობას, სადაც ასეე გვექნება ახალი საარჩევნო პროგრამის წარდგენაც და ძალიან საინტერესო ღონისძიება გაიმართება, სადაც ვიხილავთ ბევრ ადამიანს ქართულ პოლიტიკაში და არა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც საზოგადოებას წლების მანძილზე თავი დაამახსოვრა, როგორც „თავისუფალმა დემოკრატმა“ და იმ ძალამ, რომელსაც შეუძლია ალტერნატივის შემოთავაზება.
ასევე გვექნება საინტერესო შემოთავაზებები. ბიზნესსექტორიდანაც მოდიან „თავისუფალი დემოკრატების“ შემადგენლობაში და ჩვენ ეს ძალიან გვახარებს“,- განაცხადა ჩიქოვანმა.
მისივე განცხადებით, პარტიას 73-ვე ოლქში ეყოლება მაჟორიტარი კანდიდატი წარდგენილი.
როგორც ჩიქოვანმა “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, მათ მიერ წარდგენილი მაჟორიტარი კანდიდატები საზოგადოებასთან აქტიურ კომინიკაციაში იქნებიან.
“გვსურს, ისეთი ხალხი შევიდეს პარლამენტში, რომელიც იქ ადგილობრივების პრობლემებს კარგად იცნობს და მათ ინტერესებს წარმოადგენს, და არა მხოლოდ ის, რომ საზოგადოებაში, საჯაროდ იყოს მხოლოდ ცნობადი სახე. რა თქმა უნდა, ცნობადი სახეებიც იქნებიან, მაგრამ ეს ცნობადი სახეები იქნებიან იქ, სადაც მათ ყველაზე მეტად იცნობენ და სადაც ისინი რეალურად შეძლებენ იმ უბნისა და იმ ოლქის პრობლემების ადეკვატურად წარმოდგენას”,- განაცხადა ჩიქოვანმა.
“თავისუფალი დემოკრატების” წევრი მიიჩნევს, რომ დღევანდელი მონაცემებით, სამი გამოკვეთილი პოლიტიკური სიბიექტია, მათ შორის “თავისუფალი დემოკრატები”, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა”. ჩიქოვანი ბარიერის გადალახვის საკითხს არც კი განიხილავს და აცხადებს, რომ მისთვის ამ საკითხზე საუბარი ღიმილისმომგვრელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები