„ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში ტერაქტს მოაწყობს, რუსეთის იმპერიული ზრახვების წისქვილზე ასხამს წყალს“
„კავკასიის ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარე, ანალიტიკოსი ზაალ კასრელიშვილი მიიჩნევს, რომ ის რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში ტერაქტს მოაწყობს და არეულობას შეეცდება, რუსეთის იმპერიული ზრახვების წისქვილზე დაასხამს წყალს. მისივე განცხადებით, ცხადია, რომ დღეს საქართველოს სპეცსამსახურები ქვეყნის შიგნით აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ მსგავსი ინციდენტების პრევენცია მოხდეს.
„საფრთხეები არის, მაგრამ საქართველო ჯერ სამიზნე არ არის. ბევრი იმუშავეს კავკასიელებმა იმისთვის, რომ ქვეყნის შიგნით არ გამწვავებულიყო სიტუაცია. ვგულისხმობ განცხადებებს მიმართვებს, პირად კონტაქტებს – პრევენციის თვალსაზრისით. მოვახერხეთ თანამოაზრე კავკასიელებთან ერთად და დავნერგეთ ის მოსაზრება, რომ საქართველო არის თავისუფლების და საქართველო არის, ასე ვთქვათ, ანტიიმპერიალისტური დაპირისპირების ცენტრი. ვგულისხმობ რუსეთს. რელიგიური მიმდინრეობა, თუ პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც საქართველოში ტერაქტებს მოაწყობს და არეულობას შეეცდება, რუსეთის იმპერიული ზრახვების წისქვილზე დაასხამს წყალს. რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით სპეცსამსახურებიც მუშაობენ, არ ვიცით, რა მეთოდებს იყენებენ, მაგრამ აშკარაა, რომ მუშაობენ. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას და ოპოზიციას, ჩვენ მათი საქმიანობის კვალი არსად შეგვხვედრია. საქართველო ამ ეტაპზე სამიზნე არ არის“,- განაცხადა კასრელიშვილმა.
შეკითხვაზე, თუ რაზეა დამოკიდებული საქართველოში ტერორიზმთან დაკავშირებული საფრთხის ზრდა, კასრელიშვილმა განმარტა, რომ ეს შესაძლოა, იყოს ის გარიგება, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ იქნება მიმართული.
„პირველი, რისი თქმაც შემიძლია, ის არის, რომ თუ რუსეთსა და თურქეთს შორის შედგა გარიგება, რომლის მიხედვითაც რუსეთი და თურქეთი ერთობლივი ძალისხმევით შეებრძოლებიან ტერორიზმს, ეს იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა თურქეთს უნდა გაუშიფროს მისი აგენტურა მის ტერიტორიაზე, თურქეთმა კი უნდა გაუშიფროს მისი აგენტურა ჩრდილო კავკასიაში, რასაც აუცილებლად მოჰყვება კავკასიელების გააქტიურება და არა მარტო რადიკალური ისლამის კავკასიელების გააქტიურება. კავკასიაში შეიძლება დაიწყოს ერთობლივი ანტირურუსლი და ანტითურქული კამპანია და ამის საფრთხე რეალურად არსებობს“,- განაცხადა კასრელიშვილმა.
შეკითხვაზე, რა შეიძლება გახდეს მსგავი ინციდენტების ხელისშემშლელი პირობა და რა უნდა გაკეთდეს ამის პრევენციისთვის, კასრელიშვილმა განაცხადა, რომ ამისთვის სწორი რეგიონალური პოლიტიკის ქონაა საჭირო.
„საქართველოს ხელისუფლებას ჩვენ არაერთხელ შევთავაზეთ, თავადაც გვთხოვეს და გავუკეთეთ რეგიონალური პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები. ვთვლით, რომ ომი და სპეცსამსახურების მუშაობა არის ერთი მიმართულება. პრევენციის მიზნით აუცილებელია, რომ სხვადასხვა მიმართულებით მოხდეს მუშაობა. შევთავაზეთ, შევთანხმდით, დავარიგეთ, მაგრამ შეაყარეთ კედელს ცერცვი, თავი დავანებეთ. ის რეკომენდაციები, რაც შევთავაზეთ, გათვალისწინებული არ არის“,- განაცხადა კასრელიშვილმა.