„სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობის და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს“

„სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების განხილვა მთავრობისა და უშიშროების საბჭოს სხდომების ფორმატში უნდა მოხდეს“, – მიაჩნიათ მთავრობის ადმინისტრაციაში.
”პრემიერ-მინისტრს მიაჩნია, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილება, მისი მრავალმხრივი ასპექტიდან გამომდინარე, საჭიროებს მთავრობის სხდომის ფორმატში განხილვას და შესაბამის დასტურს. პრემიერი ასევე თვლის, რომ საკითხი უნდა იქნას განხილული უშიშროების საბჭოს მიერ”, – აღნიშნეს მთავრობის ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, დღეს ცნობილი გახდა, რომ დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს. შესაბამის ბრძანებას თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ხელი მედიასთან შეხვედრაზე მოაწერა.
როგორც ხიდაშელმა განმარტა, ამ ბრძანების შესაბამისად, დღეიდან თავდაცვის სამინისტრო არ განახორციელებს სამხედრო-სავალდებულო გაწვევას.
”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეირაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს”, – განაცხადა ხიდაშელმა.
როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები