უშიშროების საბჭოს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ ამ დროისთვის ოფიციალური დოკუმენტი არ მიუღია და თავდაცვის მინისტრის ბრძანებაზე მხოლოდ მინისტრის განცხადების დონეზე არიან ინფორმირებულნი, – აღნიშნულის შესახებ უშიშროების საბჭოს აპარატში აცხადებენ.
მათივე ინფორმაციით, უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა შესაბამისი ბრძანება გასაცნობად თავდაცვის სამინისტროდან უკვე გამოითხოვა. რაც შეეხება ოფიციალურ კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით, საბჭო საჭიროების შემთხვევაში, დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც სამხედრო სამსახური სავალდებულო აღარ იქნება.
ბრძანებას თინა ხიდაშელმა დღეს, ჟურნალისტების თანდასწრებით მოაწერა ხელი.
„ჩემი ერთ-ერთი დაპირება იყო სავალდებულო გაწვევის გაუქმება. მე ვთქვი, რომ 2017 წლიდან სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება. საქართველოს შეიარაღებული ძალები ღირსეულია და ყველას უნდა სურდეს იქ მსახურობა, ვისაც არ სურს, ძალით არ წავიყვანთ. მე თქვენი თანდასწრებით ვაწერ ხელს ბრაძანებას, რომ სავალდებულო გაწვევა აღარ იქნება“, – აღნიშნა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, თავდაცვის მომდევნო მინისტრებს, შეუძლიათ, ეს ბრძანება გააუქმონ.
“ჩემს შემდგომ მინისტრებს, ვისაც არ მოეწონება, თავად უნდა გააუქმონ ეს ბრძანება”, – აღნიშნა ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები