ირაკლი სესიაშვილი: თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის

თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევის თაობაზე თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებას „პოლიტიკურ პასუხისმგებლობად“ აფასებს.
„საკითხი ძალიან მგრძნობიარეა, რომელიც ფართო და სერიოზულ მსჯელობას იმსახურებს, მათ შორის მთავრობაში, პარლამენტსა და სამხედრო ექსპერტებში. თავდაცვის მინისტრი პოლიტიკურ ხელთათმანს ისვრის – რომ თუ აღნიშნული პოლიტიკური ბრძანება შემდგომ მინისტრს არ მოეწონება, მან გააუქმოს“, – მიაჩნია ირაკლი სესიაშვილს.
მისი აზრით, თინა ხიდაშელს მის მინისტრობამდე ორი კვირა დარჩა და ასეთ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებას იღებს და ამბობს, რომ მომავალ მინისტრს თუ არ მოეწონება, გააუქმოსო.
„ეს არ არის სწორი ქმედება, მით უფრო, რომ შეთანხმებული არ ყოფილა არც პრეზიდენტთან, არც უშიშროების საბჭოსთან, არც პრემიერთან და არც თავდაცვის კომიტეტთან. ის ამბობდა, რომ სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევა არ სურდა, ჩვენ – ყველანი ვამბობდით, რომ საჭირო იყო“, – აცხადებს ირაკლი სესიაშვილი.
თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის ბრძანებულებით, დღეიდან თავდაცვის სამინისტრო სამხედრო-სავალდებულო სამსახურში გაწვევას აღარ განახორციელებს.
”მე დავდე პირობა, რომ ყველაფერი გავაკეთებდი, რათა 2017 წლიდან ჯარში გაწვევა აღარ არსებობდეს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ საკანონმდებლო თვალსაზრისით ამ პრობლემის მოგვარება, რომ საერთოდ აგვეკრძალა გაწვევა შეიარაღებულ ძალებში, ეს არ გამოვიდა. თუმცა, ვიპოვეთ სხვა ფორმა, რომლითაც თავდაცვის მინისტრს შემიძლია, რომ ეს გადაწყვეტილება ცალხმრივად და ერთპიროვნულად მივიღო. დღეიდან მოყოლებული, თავდაცვის სამინისტრო ოფიციალურად აღარ განახორციელებს გაწვევას და მოთხოვნას, წვევამდელების გაწვევაზე. ძალით მოყვანილი სამხედროები არ სჭირდება შეიარაღებულ ძალებს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ თავდაცვის შემდგომი მინისტრი სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენას გადაწყვეტს, მას მისი ამ ბრძანების გაუქმება მოუწევს. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს გარდა, სამხედრო -სავალდებულო სამსახურში გაწვევას სხვა უწყებებიც ახორციელებენ, თუმცა თინა ხიდაშელის ბრძანება მათ არ ეხება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები