სოსო ვახტანგაშვილი იმედოვნებს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში, დაკარგული საღირაშვილის საკითხსაც განიხილავენ

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი სოსო ვახტანგაშვილი მიიჩნევს, რომ აბაშიძე-კარასინის ფორმატის ფარგლებში, სოფელ ქორდის მცხოვრებლები ნიკოლოზ საღირაშვილის გაუჩინარების საკითხსაც განიხილავენ.
“ნიკა საღირაშვილი ბოლოს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს. მას შემდეგ კვალი იკარგება. მე ვიყავი ოჯახში და პირადად ვესაუბრე მშობლებს, უკიდურესად არიან შეწუხებულები. აღსანიშნავია, რომ დაკარგვის პერიოდში ორი გასროლის ხმაც იყო, რომელიც იქ მაცხოვრებელმა ადამიანებმა გაიგონეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს საკითხი საგანგაშო ელფერს იღებს. მგონია, რომ ამ საკითხზეც ექნებათ საუბარი აბაშიძე -კარასინის შეხვედრისას, თუმცა თუ ეს საუბარი შედეგებს ვერ გამოიღებს, მაშინ სხვა მეთოდებზე უნდა დავიწყოთ ფიქრი იმისთვის, რომ ამ ახალგაზრდა კაცის კვალი მოვძებნოთ“,-განაცხადა ვახტანგაშვილმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვახტანგაშვილი საოკუპაციო ხაზთან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ სასჯელი, რომელიც მას საოკუპაციო რეჟიმმა მიუსაჯა, სავარაუდოდ, გამკაცრდება, რადგანაც ამ პიროვნების დასჯას, აფხაზური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც მოითხოვს.
„გამორიცხული არ არის, რაც საქართველოს შსს-მ განაცხადა, ის, რომ მოხდეს ამ პიროვნების ლიკვიდაცია და შემდეგ ეს ქართულ მხარეს დაბრალდეს, გამოსარიცხვი ვერსია არც ეს არის, მძიმე მდგომარეობაა ამ კუთხით შექმნილი. მე ვფიქრობ, რომ მკვლელს დიდი ალბათობით მაინც დასჯიან“,-განაცხადა ვახტანგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები