ალექსანდრე ჯეჯელავა: მმართველ გუნდს დღეს ძლიერი პოზიციები აქვს

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა სახელმწიფო მოხელედ თავს ხანგრძლივად არ განიხილავს.
„სახელმწიფო მოხელედ ჩემს თავს ხანგრძლივად არ განვიხილავ, უბრალოდ ვფიქრობ, რაღაცების შეცვლა ახლა რეალურად შეიძლება“, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ აღნიშნა, მისი მინისტრად დანიშვნის შესახებ საუბარი წინა სამი მთავრობის დროსაც იყო, თუმცა მისთვის გადამწყვეტი ფაქტორი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის პიროვნება აღმოჩნდა.
”წინა სამი მთავრობის დროსაც იყო საუბარი განათლების მინისტრად ჩემი დანიშვნის შესახებ, თუმცა სისტემის ხელმძღვანელად ჩემი თავი ვერ წარმომედგინა. განათლების სფეროში ისედაც აქტიურად ვმუშაობდი. გადამწყვეტი ფაქტორი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილის პიროვნება აღმოჩნდა. ჩვენ წარსულში საქმიანი ურთიერთობა გვქონდა…. მეგობრებმაც მითხრეს, რომ სწორედ ახლაა რაღაცის შეცვლის დრო, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, დაგვიანებულიც აღმოჩნდეს. არ დაგიმალავთ, სახელმწიფო მოხელედ ჩემს თავს ხანგრძლივად არ განვიხილავ, უბრალოდ, ვფიქრობ, რაღაცების შეცვლა ახლა რეალურად შეიძლება, – განაცხადა ჯეჯელავამ.
შეკითხვაზე, პრემიერისგან აქვს თუ არა გარანტია, რომ იგი მომავალ მინისტრთა კაბინეტშიც იქნება, მინისტრი განმარტავს, რომ ამ საკითხზე პრემიერთან საუბარი ჰქონდა.
„რაც შეეხება თანამდებობაზე ყოფნის ხანგრძლივობას, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე პრემიერთან საუბარი გვქონდა. დემოკრატიული სისტემის ხიბლიც და მინუსიც ისაა, რომ ხალხს ვინც უნდა, იმ პოლიტიკურ ძალას აირჩევს. ვფიქრობ, მმართველ გუნდს დღეს ძლიერი პოზიციები აქვს, მეტიც, დარწმუნებული ვარ, ამომრჩეველი საწორედ მას აირჩევს და პრემიერი ქვეყანას მომავალშიც უხელმძღვანელებს. თუ ვცდები და ამომრჩეველმა სხვა გადაწყვეტილება მიიღო, ჩემს საქმეს დავუბრუბდები“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები