სოსო ვახტანგაშვილი გორის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტის წევრი, „ეროვნული ფორუმის“ წარმომადგენელი სოსო ვახტანგაშვილი გორის მაჟორიტარ დეპუტატად იყრის კენჭს.
როგორც „კვირას“ პრესკლუბში მან განაცხადა, მისი დეპუტატობის პერიოდში საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ბევრი საკითხის სასიკეთოდ გადაწყვეტა მოახერხა.
„გადაწყვეტილი მაქვს, გორის რაიონში ვიყარო კენჭი, იმ ე.წ. საზღვრის პირას მიმდებარე სოფლების ტერიტორიაზე, რომელბიც გორის მუნიციპალიტეტში შედის, გავბედავ და ვიტყვი, რომ ძალიან ბევრი საკითხია ამ მოსახლეობის სასარგებლოდ გადაწყვეტილი უშუალოდ ჩემი ინიცირებით და ჩემი ჩარევით. ვფიქრობ, როგორც მაჟორიტარმა, შემიძლია, ჩემი გამოცდილება და პოტენციალი მოვახმარო ამ მოსახლეობას, რომელიც ცხოვრობს ამ ტერიტორიაზე და მომავალი, მე-9 მოწვევის პარლამენტში მათი ხმა ვიყო“, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.
ვახტანგაშვილმა წინასაარჩევნო პერიოდზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ 20-მდე მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატის წარდგინებას „ეროვნული ფორუმი“ უახლოეს მომავალში შეძლებს.
ამასთან, მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმ საკითხებზეც ისაუბრა, რომლებიც პარლამენტში ჯერ კიდევ განსახილველი დარჩა. ვახტანგაშვილის განცხადებით, ამ პროექტების ჩავარდნა „ნაციონალური მოძრაობის“ ბოიკოტმაც განაპირობა.
„როგორც იცით, საგაზაფხულო სესია დასრულდა. იყო საკითხები, რომლებიც აქტუალური იყო ჩვენი ქვეყნისთვის, მაგრამ დარჩა ის საკითხები, რომლებიც ვერ იქნა მიღწეული. ვგულისხმობ გერმანულ მოდელს და საარჩევნო სისტემის რეფორმირებას, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელიც მივიღეთ და იმ ფონზე, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გამოაცხადა ბოიკოტი, ბუნებრივია, ამ საკითხების გადაწყვეტა ეჭვქვეშ დადგა და ვერ მოხდება მათი მიღება. რაც შეეხება სასამართლოს რეფორმირებას, იცით, რომ „ეროვნულმა ფორუმმა“ ხელი შეუშალა მოსამართლეთა განწესების წესს, ჩვენთვის მიუღებელი იყო ის შემოთავაზებული ვარიანტი, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა. არ მივეცით ხმა და ვერ გავიდა ეს კანონი, თუმცა განზრახული გვაქვს ამ სისტემის რეფორმირება, კერძოდ, ის, რომ მოსამართლეები სახალხო არჩევნებით იქნან არჩეულნი. საქართველოს უნდა ჰყავდეს ხალხის მიერ არჩეული მოსამართლეები. მურუსიძის, დაშინებული სასამართლოს, – რომელიც ყველა მთავრობისთვის აკეთებს მისთვის სასურველ ვარიაციებს, – ნაცვლად, ჩვენ მივიღებდით იმ მოსამართლეთა კორპუსს, რომელსაც ხალხის წინაშე ექნებოდა პასუხისმგებლობა“, – განაცხადა ვახტანგაშვილმა.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე ვახტანგაშვილმა ეჭვი გამოთქვა იმის თაობაზე, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ სია გამოცხადდება, ბევრი ისეთი განაწყენებული დეპუტატი იქნება, რომლებიც სესიებს აღარ დაესწრებიან.
„მას მერე, როდესაც დაიწყება სიების გამოცხადება, განსაკუთრებით კი „ქართულ ოცნებაში“, მეეჭვება, რომ ბევრი ისეთი განაწყენებული დეპუტატი იქნება, რომელიც დაკარგავს ხალისს იმისათვის, რომ რიგგარეშე სხდომებში მიიიღოს მონაწილეობა. კითხვის ნიშანი დგას, მოხერხდება თუ არა რიგგარეშე სესიების ჩატარებაც. გააჩნია საკითხს. შეიძლება ყველამ გადალახოს პირადი ამბიცია და მოვიდეს, მაგრამ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას ეს საკითხი, მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ დეპუტატს თქვენ ვერ მიიყვანთ წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტში“,- განაცხადა ვახტანგაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ვახტანგაშვილი საზღვრისპირა რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებსაც შეეხო, ე.წ. საზღვართან მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელისთვის შინაპატიმრობის მისჯის საკითხზე კი განაცხადა, რომ, სავარაუდოდ, მისი სასჯელი გაცილებით უფრო დამძიმდება, რადგან ამაში რუსული მხარეც დაინტერესებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები