მეფუტკრე ფერმერებს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და ხელშემწყობი პროგრამები გააცნეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მეფუტკრე ფერმერებსა და თაფლის მწარმოებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ დავით გალეგაშვილმა მეფუტკრეობის მხარდამჭერ სახელმწიფო პროგრამებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ხორციელდება მეფუტკრეობის დარგის განვითარების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის, საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების მიმართულებით, რაც პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებას და ქართული თაფლის ექსპორტის შესაძლებლობის გაზრდას შეუწყობს ხელს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე, რომლის თანახმადაც, საქართველო მესამე ქვეყნების სიაში შევა და ქართველ მეწარმეებს ევროკავშირის ბაზარზე თაფლის რეალიზაციის საშუალება მიეცემათ.
„სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ევროკომისიამ დადებითად შეაფასა, გულისხმობს ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვას, ვეტერინარული პრეპარატების, სხვა დამაბინძურებლებისა და ნარჩენი ნივთიერებების მონიტორინგს. აღნიშნული მიმართულებით მნიშვნელოვანია მეფუტკრე ფერმერების ინფორმირებულობის გაზრდა, რაც თანამედროვე სტანდარტების დანერგვას და ქართული თაფლის კონკურენტუნარიანობის ზრდას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა ზურაბ ჩეკურაშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა მეწარმეებს სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები, მიმდინარე პროგრამები და დარგის განვითარების პერსპექტივები გააცნეს.
მეფუტკრე ფერმერებთან შეხვედრა ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის (CIB) მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები