გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს მოუწოდებს რუსეთის საზღვრის სიახლოვეს წვრთნებისგან თავი შეიკავოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი მოუწოდებს ნატოს რუსეთის საზღვრის სიახლოვეს წვრთნები არ ჩაატაროს. კერძოდ, შტაინმაიერმა ეს კომენტარი ბალტიის ქვეყნებში მიმდინარე წვრთნების Saber Strike-ის შეფასებისას გააკეთა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
„ჩვენ დღეს სულაც არ გვჭირდება იარაღის ჟღარუნი და სამხედრო მოწოდებებით სიტუაციის დაძაბვა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ალიანსის აღმოსავლეთის საზღვრის სიახლოვეს სატანკო აღლუმები უსაფრთხოებას ზრდის, ძალიან ცდება“ – განაცხადა შტაინმაიერმა გამოცემა Bild am Sonntag-თვის მიცემულ ინტერვიუში.
შტაინმაიერის აზრით, უსაფრთხოების გაძლიერების პარალელურად დიალოგი უნდა მიმდინარეობდეს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიაჩნია, რომ „აუცილებელია რუსეთის ჩართვა საერთაშორისო საპარტნიორო პასუხისმგებლობაში“.
შეგახსენებთ, რომ სამხედრო წვრთნებში Saber Strike, რომლებიც ბალტიის ქვეყნებში მიმდინარეობს, ნატოს და ალიანსის პარტნიორი ქვეყნების 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები