გიორგი მამაცაშვილი: ხომ უნდა განვსხვავდებოდეთ რაღაცით მათგან?

კითხვაზე, თუ რატომ არ აღდგა სამართლიანობა ისე ეფექტურად, როგორც ამას მოსახლეობა 2012 წლის არჩევნების შემდეგ ელოდა, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის” დამფუძნებელმა გიორგი მამაცაშვილმა განაცხადა, რომ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება საზოგადოების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორედ იმ პოლიტიკურ ორგანიზაციას დავემსგავსებით, რომელსაც მთელი 9 წლის მანძილზე ებრძოდა საზოგადოება.
„ბიძინა ივანიშვილის ნებისმიერი განცხადება 4 წლის განმავლობაში მე არ მიმიღია „ნაცების” ე.წ. გათეთრების მცდელობად. თუ ჩავუღრმავდებით, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანი ვეთანხმებოდეთ ბიძინა ივანიშვილს, რომ არ შეიძლება მხოლოდ იმის გამო, რომ ესა თუ ის ადამიანი, რომელიც არის რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის, თუნდაც ფაშისტურის მომხრე, ჩავრეცხოთ ჩვენც სააკაშვილის მსგავსად, ჩავწიხლოთ და განვდევნოთ საზოგადოებისგან.
რა თქმა უნდა, კრიმინალი უნდა დაისაჯოს, ჯალათებმა უნდა აგონ პასუხი კანონის მთელი სიმკაცრით, მაგრამ ის, რომ რიგითი მოქალაქეები სამსახურს ვერ შოულობდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების დროს თუნდაც საპასუხისმგებლო თანამდებობა ეკავათ, ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ ჩვენც „ნაციონალების” მსგავსად მოვიქცევით.
ხომ უნდა განვსხვავდებოდეთ რაღაცით მათგან?”- განაცხადა მამაცაშვილმა.
გიორგი მამაცაშვილის განცხადებით, კოჰაბიტაცია, რომელიც „ქართული ოცნებისა” და „ნაციონალური მოძრაობის” ერთგვარი თანამშრომლობით გამოიხატა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში, ერთგვარი „მეხამრიდი” იყო საზოგადოებისათვის.
„კოჰაბიტაცია, რა თქმა უნდა, მე თავიდანვე არ მომეწონა. მე არ ვმალავ ჩემს პოზიციას,თუმცა, გარკვეული დადებითი როლი შეიტანა კოჰაბიტაციამ დაძაბულობის განმუხტვაში. „ოცნება” რომ მოსულიყო იმ პათოსით და განწყობით, რა პათოსითაც მოვიდა „ნაციონალური”, ფაშისტური რეჟიმი 2003 წლის ნოემბერში ხელისუფლებაში და იგივე ტემპით დაეწყო დაჭერები და დაპატიმრებები, დაპირისპირება გაღრმავდებოდა და „ბუნტი” ატყდებოდა…
მიუხედავად იმისა, რომ „ძუძუს გოჭებივით” იყვნენ გატრუნულები პირველი 3-4 თვის განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები”,- განაცხადა მამაცაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები