„ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ – ზოოპარკში ფოტოგამოფენა გაიხსნა (ფოტოკოლაჟი)
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით დღეს ფოტოგამოფენა სახელწოდებით – „ყველგან, სადაც სამშობლოს ვჭირდებით“ გაიხსნა. ზოოპარკსა და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობით გამოწვეული ტრაგედიის დაძლევაში ქართული ჯარის მონაწილეობის თემაზე გადაღებული ფოტოები გამოიფინა.
ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, თბილისის მერი დავით ნარმანია, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ფოტოგამოფენა გენერალური შტაბის უფროსმა გახსნა, მან ერთი წლის წინანდელი მოვლენები გაიხსენა და ქართველი სამხედროების დამსახურებებზე ისაუბრა.
„ტკივილით და სიამაყით სავსე დღეა. 13 ივნისი ძალიან დიდი ტრაგედია და, იმავდროულად, დიდი ერთგულების და ვაჟკაცობის გამოვლინება იყო. საქართველოს ყველა მოქალაქე დადგა იქ, სადაც უნდა დამდგარიყო. შეიარაღებული ძალებიც აკეთებდა იმას, რასაც ყოველთვის გააკეთებს, თუკი ქვეყანას დასჭირდება, სამხედრო მოსამსახურეები ყოველთვის იქნებიან ქვეყნის სამსახურში“,- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ფოტოგამოფენაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართა ბესიკ ლოლაძემ. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სტიქიის დროს საზოგადოების ერთსულოვნებაზე და სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედრო მოსამსახურეების განსაკუთრებულ წვლილზე გაამახვილა ყურადღება.
ღონისძიების დასასრულს, თბილისის მერის თხოვნით, სამხედროებმა სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
2015 წლის 13 ივნისის თბილისის წყალდიდობის დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქართული ჯარი სამშობლოს, მშვიდობას და თანამოქალაქეებს მხოლოდ იარაღით არ იცავს. ერთი წლის წინ მომხდარი წყალდიდობით გამოწვეულ ტრაგიკულ შედეგებს საქართველოს შეიარაღებული ძალების ათასობით სამხედრო მოსამსახურე და ათეულობით სამხედრო ტექნიკა ებრძოდა.
სტიქიის ყველა ზონაში წარმოებულ სალიკვიდაციო სამუშაოებში სამხედროები პირველივე დღიდან ჩაერთნენ. ჯარისკაცები ადგილობრივ მოსახლეობას სარდაფებისა და ეზოების გაწმენდაშიც ეხმარებოდნენ. სამხედროების მუშაობაზე 24-საათიან ვიდეოკონტროლს გენერალური შტაბის კრიზისების მართვის სპეციალური ცენტრი ახორციელებდა.
სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე 2677-მა სამხედრო მოსამსახურემ ერთი წლის წინ პრემიერ-მინისტრისგან მადლობის სიგელებიც მიიღო.