დავით დონდუა: ჟენევის მოლაპარაკებებში ქართული მხარე გიგა ოთხოზორიას მკვლელის დაკავებას მოითხოვს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 36-ე რაუნდზე, რომელიც 14-15 ივნისს გაიმართება, ქართული მხარე რუსი ე.წ. მესაზღვრეების მიერ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საკითხს დააყენებს. როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ განაცხადა, ბრალდებულის დაკავებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს.
„აღნიშნულ რაუნდზე ქართული მხარე საოკუპაციო ხაზზე განლაგებული ე.წ. მესაზღვრეების მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში ჩადენილი მკვლელობის საკითხს დააყენებს და მოითხოვს ბრალდებული პირის სასწრაფოდ დაკავებასა და გადმოცემას, რათა დამნაშავე წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე.
ბრალდებულის დაკავებას პრინციპული მნიშვნელობა აქვს შესაძლო პროვოკაციისა და ვითარების შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით. იმედია, რუსეთის ფედერაცია და მისი საოკუპაციო რეჟიმი სოხუმში გააცნობიერებენ ამ პასუხისმგებლობას და ყველა ღონეს მიმართავენ, ბრალდებულის დაუყოვნებლივ დაკავებისა და ქართული მხარისათვის ჩაბარების მიზნით“, – განაცხადა დონდუამ.
როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღის წესრიგში დარჩება რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების შესახებ ვალდებულების აღების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობა.
„მწვავედ დადგება საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ნიშნების აღმართვის გაგრძელების საკითხი. გიგა ოთხოზორიას მკვლელობამ კიდევ ერთხელ ცხადყო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ვითარება როგორც უსაფრთხოების, ისე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის გადაუდებელი აუცილებლობა.
განხილვის მთავარი თემა იქნება ოკუპირებულ რეგიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაცია და გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვა.
ქართული მხარე მზადაა, კონსტრუქციული მონაწილეობა გააგრძელოს ჟენევის მოლაპარაკებებში და იმედს გამოთქვამს, რომ დანარჩენი მონაწილეებიც ასეთივე პასუხისმგებლობით მოეკიდებიან მოლაპარაკებების პროცესს“, – განაცხადა დავით დონდუამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები