შს სამინისტროს ინიციატივით, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა( ფოტოკოლაჟი)
საქართველოში პირველად, შს სამინისტროს ინიციატივით, მეხანძრე-მაშველის პროფესიული დღე აღინიშნა.
ცერემონია ბათუმში ჩატარდა. ღონისძიებას შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მინისტრის მოადგილეები, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პირადი შემადგენლობა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები დაესწრნენ.
ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გიორგი მღებრიშვილმა გახსნა და მეხანძრე-მაშველებს პროფესიული დღე მიულოცა:
„მოხარული ვარ, რომ დღეს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, აღინიშნება მეხანძრე-მაშველის დღე. 2015 წლიდან, რაც აღნიშნული სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს შემოუერთდა, საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტომ 87 ათასამდე სხვადასხვა სახის სამაშველო ღონისძიება განახორციელა, მათ შორის, ჩააქრო 20 ათასზე მეტი ხანძარი, რეაგირება მოახდინა 6500-ზე მეტ ბუნებრივი ხასიათის საგანგებო სიტუაციაზე, გადაარჩინა და დახმარება გაუწია 3114 ადამიანს. მეხანძრე-მაშველის პროფესია – ეს არის უაღრესად რთული, სარისკო და საპასუხისმგებლო. სწორედ თქვენს პროფესიონალიზმსა და თავდადებაზეა დამოკიდებული ხშირად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება. ვიცი, რომ თავს არ ზოგავთ, რათა თქვენი მისია წარმატებით შეასრულოთ და სხვათა გადასარჩენად, მზად ხართ, საკუთარი სიცოცხლე საფრთხის ქვეშ დააყენოთ. მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თავდადებისთვის!” – განაცხადა შს მინისტრმა.
ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველების ხსოვნას. როგორ გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, შს სამინისტროს ინიციატივით, თბილისში ერთ-ერთ ქუჩას 13 ივნისის სტიქიის ღამეს გმირულად დაღუპული მაშველის – ზურაბ მუზაშვილის სახელი დაერქმევა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის მადლობის სიგელები პირადად გადასცა. გიორგი მღებრიშვილმა სააგენტოს პენსიაზე გასული თანამშრომლები განსაკუთრებული დამსახურებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მედალიონებით დააჯილდოვა.
მეხანძრე-მაშველის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სტრუქტურული დანაყოფების პირადი შემადგენლობა ტექნიკითა და აღჭურვილობით წარსდგა.
ღონისძიების დასასრულს ხმელეთსა და ზღვაზე სამაშველო ღონისძიებების სიმულაციური ჩვენება გაიმართა.