საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა. შეხვედრა, დღეს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და ნატოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების საკითხები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა იენს სტოლტენბერგს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისათვის.
მხარეებმა როგორც რეგიონული, ისე გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, საქართველოს როლის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ საქართველო საკუთარი ვალდებულებების ერთგული რჩება და როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში ყველაზე დიდ კონტრიბუტორ ქვეყანას, წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკურ კეთილდღეობაში.
მხარეებმა მომავალი ნატოს ვარშავის სამიტზე გაამახვილეს ყურადღება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული საშუალება, რათა მოემზადოს საბოლოო გაწევრიანებისათვის. ქართული მხარე იმედოვნებს, რომ ნატო შეაფასებს და აღიარებს ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველო-ნატოს ურთიერთობას ახალ საფეხურზე აიყვანს.
მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობაზე იმსჯელეს, გიორგიმარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება სოფელ ხურჩაში განვითარებული მოვლენების და დღეს სოფელ ავლევის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერების აღმართვის ფაქტების გამო.
“საუბარი შეეხო საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მიმართულებით.
ცხადია, საუბარი შეეხო ვარშავის სამიტის მზადების პროცესს და 26 მაისს ნატოს ჯარისკაცების მონაწილეობას ჩვენს ღონისძიებაში, იმ წვრთნებს, რომელიც ნატოს ჯარისკაცების მეშვეობით განხორციელდა საქართველოში. შეხვედრისას მომავალ თანამშრომლობაზეც იმსჯელეს, ასევე ქართველი ჯარისკაცების ნატოს უფრო მეტ წვრთნებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ასევე აღინიშნა, რომ ნატოს წვრთნები საქართველოში უფრო ინტენსიურად უნდა ჩატარდეს”- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინე იმერლიშვილმა.