იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი – ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო სისტემა დღეს გამართულად მუშაობს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე აცხადებს, რომ სასამართლო სისტემაში არაერთი ხარვეზი არსებობს, რომელიც დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს. მან ხაზი გაუსვა ბოლო პერიოდში მოქალაქეების მხრიდან საჩივრების ზრდის ტენდენციას და აღნიშნა, რომ ამ საქმეების განხილვისთვის სასურველი იქნება როგორც მოსამართლეების რაოდენობის გაზრდა, ასევე დამატებითი შენობის გამოყოფაც.
„ვერ ვიტყვი, რომ სასამართლო სისტემა დღეს გამართულად მუშაობს, თუმცაღა ყველაფერი შედარებითია. დავიწყოთ იმით, რომ უკვე ბევრი მოქალაქეა უკმაყოფილო საქმის განხილვის ვადებით. ეს გამოწვეულია საპროცესო ნორმებით, რადგანაც ბევრმა საქმემ მოიყარა თავი, მოსამართლეთა რაოდენობა კი არასაკმარისია, ასევე მცირეა სასამართლოს შენობაც. საქალაქო სასამართოში ვეღარ ეტევიან მოსამართლეები. არ ყოფნით დარბაზები, არ არის შესაბამისი კაბინეტები, ამიტომ საჭიროა, მინიმუმ კიდევ ერთი შენობა დაემატოს საქალაქო სასამართლოს იმისთვის, რომ მოხდეს საქმეების სრულყოფილი განხილვა.
თავის დროზე, როდესაც ეს დაანგარიშდა, საქმის ასეთი რაოდენობა არ იყო, თუმცა ქვეყნის განვითარებას, ცხადია, რომ დავების რაოდენობის ზრდაც მოსდევს. რომ შევადაროთ 2014 და 2015 წელი, აღმოჩნდება, რომ საქმეთა რაოდენობა გაორმაგდა, მომართვიანობა კი თითქმის 100 პროცენტით გაიზარდა. ამ შემთხვევაში სასამართლომაც შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას და ფეხი აუწყოს ამ განვითარებას, საქმეთა გაორმაგებას ვგულისხმობ. აუცილებლად უნდა შეიქმნას შესაბამისი ინფრასტრუქტურა“,- განაცხადა სოფრომაძემ.
აღსანიშნავია, რომ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა სასამართლოს შემდგომი განვითარების სტრატეგიული დაგეგმარების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესი სასამართლო სისტემის დახვეწისთვის და გაუმჯობესებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მისივე განცხადებით, პირველ რიგში, უნდა შემუშავდეს დოკუმენტი – სამოქმედო გეგმა, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პრობლემების ანალიზი და მათი გადაჭრის გზები.
აღსანიშნავია, რომ „კვირაში“ გამართულ პრესკონფერენციაზე, სოფრომაძემ ისიც განაცხადა, რომ ყველა ლაფსუსის მიუხედავად, სასამართლო სისტემა მაინც ახერხებს განვითარებას და პროგრესსს.
„ზოგჯერ შესაძლოა, იყოს ისეთი სიტუაცია, რომ მოსამართლემ ვერ მოახერხოს საქმის სრულყოფილად გაცნობა, როდესაც ერთ მოსამართლეს 700-800 საქმე ექნება წარმოებაში, როგორია, რომ დღეში 10 საქმე განიხილოს და შემდეგ ის დეტალურად შეისწავლოს. შეიძლება ითქვას, რომ მიკვირს კიდეც მოსამართლეების შრომისმოყვარეობის, კეთილი გაგებით. რადგანაც ეს ადამიანები შრომობენ და, ასეა თუ ისეა, მართლმსაჯულება დღეს წინ მიდის. ყველაფერი შედარებითია და რომ შევადაროთ დღევანდელი მართლმსაჯულება წინა წლების მართლმსაჯულებას, ტენდენციური უნდა იყოს ადამიანი იმისთვის, რომ თქვას, სასამართლო სისტემა წინ არ მიდისო. ავიღოთ სასამართლოს წინააღმდეგ მიმართული დავების რაოდენობა, არ მახსოვს ადვოკატად მუშაობის დროს, რომ გამამართლებელი განაჩენი მოსულიყოს. იშვიათი გამონაკლისების გარდა, დღეს კი აბსოლუტურად სხვაგვარი ვითარებაა“,-განაცხადა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები