მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოში ფრენების შესრულება კიდევ ერთმა ევროპულმა ავიაკომპანიამ Air Serbia-მ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება, ახალმა ევროპულმა ავიაკომპანია Air Serbia-მ დაიწყო, რომელიც ბელგრადი-თბილისი-ბელგრადის მიმართულებით რეისებს კვირაში სამჯერ შეასრულებს. საქართველოსა და სერბეთს შორის ამ დრომდე პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა არასდროს ყოფილა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, Air Serbia – ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმატებული შედეგია.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია დაიწყებს რეგულარულ ფრენებს. მოხარული ვართ, რომ მოლაპარაკებები სერბეთის მხარესთან წარმატებით დასრულდა. Air Serbia – ს საქართველოში შემოსვლა ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის წარმატებული შედეგია, რომელსაც მთავრობა აქტიურად ახორციელებს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, სერბეთის ავიაკომპანიის შემოსვლა საქართველოს ავიაბაზარზე ასევე ცალსახად მიანიშნებს საქართველოზე, როგორც მოთხოვნად ტურისტულ მიმართულებაზე. „მოველით, რომ საქართველოში სერბეთიდან გაიზრდება ვიზიტორების რაოდენობა, რაც დადებითად აისახება როგორც ავიაციის, ისე ტურიზმის სექტორის განვითარებაზე,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ავიაკომპანია Air Serbia-ს ახალი მიმართულებებით ოპერირების ნებართვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიმდინარე წლის 11 ივნისს მიანიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები