სასამართლომ გია დგებუაძე, იგივე “მასტერა” პატიმრობაში დატოვა
გია დგებუაძე, იგივე “მასტერა” სასამართლომ პატიმრობაში დატოვა – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ ეს გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ე.წ. ნავთლურის სპეცოპერაციის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს გია დგებუაძეს ექსტრადირებიდან 2-თვიანი ვადა ეწურებოდა და მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა. დღევანდელ სხდომაზე, რომელიც ნავთლუღის სპეცოპერაციის ეპიზოდს ეხებოდა, მხოლოდ დგებუაძის აღკვეთის საკითხის განხილვა მოხერხდა. მოსამართლის განმარტებით, სხვა საკითხებზე ვერ იმსჯელებდნენ, ვინაიდან დათა ახალაიას ადვოკატი ირაკლი ზაქარეიშვილი გაურკვეველი მიზეზით პროცესზე არ გამოცხადდა.
“ახალაიასთვის წარდგენილი მუხლი სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს და ბრალდებული სავალდებულო დაცვას ექვემდებარება. ამიტომ სხდომა მის გარეშე ვერ გაგრძელდება”, – აღნიშნა ლაშა ჩხიკვაძემ. ლაშა ჩხიკვაძე დგებუაძის საქმეზე ახალი მოსამართლეა. ბრალდებულმა საქმის მოსამართლე ლილი მსხილაძე წინა სასამართლო სხდომაზე აიცილა. შეგახსენებთ, რომ დათა ახალაიას და გია დგებუაძეს ნავთლუღის სპეცოპერაციისას სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა ედებათ ბრალად.