ნუკრი ქანთარია: კარგია, თუ წარსულს ჩაბარდება დრო, როცა იყო ჩასაფრებული და ჯიბრიანი შენიშვნები

”ვეტოების არცთუ ხანმოკლე ისტორიაში, პირველად მოხდა, როცა პრეზიდენტმა პარლამენტში შეჯერებული შენიშვნები გამოგზავნა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის “მოტივირებული შენიშვნების“ განხილვისას განაცხადა.
მისივე თქმით, კარგია, თუ წარსულს ჩაბარდება დრო, როცა იყო ჩასაფრებული და ჯიბრიანი შენიშვნები.
”აქ არის დიდი წვლილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის, კანონპროექტის ავტორების, ასევე პრეზიდენტის და მისი აპარატის იურისტების და ქალბატონი ირინა იმერლიშვილის. თუ ტრადიაცია ასე გაგრძელდება, ეს ძალიან სასიამოვნო და საინტერესო იქნება. სწორედ ეს იქნება პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, თუ წარსულს ჩაბარდება ის დრო, როცა იყო ჩასაფრებული და ჯიბრიანი შენიშვნები”, – განაცხადა ქანთარიამ.
პარლამენტი, რიგგარეშე სხდომის ფორმატში, “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის “მოტივირებულ შენიშვნებს“ და შესაბამის კანონპროექტს იხილავს.
პრეზიდენტის შეთავაზება დეპუტატებს უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა გააცნო.
პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.
მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას არ აპირებს და პრეზიდენტის პროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები