თეა წულუკიანი ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს – ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურ მინისტრს – ვოლფგანგ ბრანდშტეტერს შეხვდა.
ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების საუბრის თემა ევროინტეგრაცია და საქართველოსა და იუსტიციის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება იყო.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ავსტრიის იუსტიციის მინისტრთან, რომელიც საქართველოს ერთგული მეგობარია, საუბარი შეეხო იმ არაერთ საერთაშორისო გამოწვევას, რომლებიც სამართლებრივ და პოლიტიკურ სფეროებში შეიძლება ჰქონდეს ევროპულ ქვეყნებს, ავსტრიას, საქართველოს.
„ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაღრმაოთ კიდევ უფრო თანამშრომლობა ახალ სფეროებში და შევჯერდით, რომ ეს ახალი სფეროები იქნება ახალი ტექნოლოგიების სფერო; ახალი ტექნოლოგიებისა, რომელსაც ავსტრია და საქართველო − იქნება ეს სასამართლო, საჯარო რეესტრი, პროკურატურა, გამოძიება − აქტიურად ვიყენებთ“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
საუბრის კიდე ერთი ძირითადი თემა ვიზალიბერალიზაციის საკითხები იყო. თეა წულუკიანმა ვოლფგანგ ბრანდშტეტერს მადლობა გადაუხადა საქართველოს მხარდაჭერისათვის ევროინტეგრაციის პროცესში.
„ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე, ვიზალიბერალიზაციის პროცესზე და მე მქონდა პატივი, ჩემი კოლეგისთვის მადლობა გადამეხადა ავსტრიის ერთგული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ის ამ გზაზე ქართველ ხალხს უცხადებს“, − ამბობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.
თეა წულუკიანთან შეხვედრა ავსტრიის იუსტიციის მინისტრმაც შეაფასა.
„გვქონდა ძალიან ნაყოფიერი საუბარი ჩვენს მომავალ თანამშრომლობაზე და ეს თანამშრომლობა სამომავლოდ უფრო ინტენსიური გახდება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში საქართველოდან ავსტრიაში სტუმრობა ვიზის გარეშე იქნება შესაძლებელი. ჩვენ გვაქვს მსგავსი კულტურა, მაგალითად, ნობელიანტი ბერტა ფონ ზუტნერი ცხოვრობდა საქართველოსა და ავსტრიაში, 100 წელზე მეტი ხნის წინ მას არ სჭირდებოდა საქართველოდან ავსტრიაში ჩამოსასვლელი ვიზა. ჩვენ უნდა გვქონდეს თავისუფალი მიმოსვლა ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოდან ავსტრიაში ჩამოსვლა სურს“,-აღნიშნა ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა.
კიდევ ერთი სიახლე, რომელიც იუსტიციის მინისტრების შეხვედრაზე გაჟღერდა, თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნა იყო. ავსტრიის იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე საქართველოს ეწვევა და ავსტრიის საელჩოს გახსნას დაესწრება.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა, და ასეც მოვიქცევით. ველოდები, საქართველოში რაც შეიძლება მალე ჩამოვიდე. მოხარული ვარ, რომ გავხსნით ჩვენს საელჩოს საქართველოში. ეს ყველაფერი აჩვენებს, რომ ჩვენ ერთად სწორ გზაზე ვდგავართ და ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და თანამშრომლობა, რაც ძალიან მახარებს“.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ საქართველოსა და ავსტრიის იუსტიციის სამინისტროები უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებენ, გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას ელექტრონული მმართველობის სფეროში. გადაწყდა, რომ შეიქმნება სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკავდება ელმმართველობის, ელექტრონული მთავრობის საკითხებით, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით ავსტრიასა და საქართველოში მმართველობის სფეროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები