„რომ არ მოხდეს გაფუჭებული ტელეფონის პრეცედენტი, „ნაციონალები“ „რესპუბლიკელებს“ უნდა დაუკავშირდნენ“

„ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი მამუკა კაციტაძე მიიჩნევს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კორცხელში მომხდარი ინციდენტი ბოიკოტის მოსაწყობად გამოიყენა, რის შემდეგად საბოლოოდ ე.წ. გერმანული მოდელის ჩავარდნა მოხდა. კაციტაძის განცხადებით, ერთადერთი გამოსავალი ახლა ის არის, თუ „ნაციონალები“ პროექტის ინიციატორ პარტიას, „რესპუბლიკელებს“ დაუკავშირდებიან, პოლიტიკური სუბიექტები კი სრულ მობილიზაციას მოახდენენ.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვითომ კორცხელის ინციდენტზე გაბრაზებულმა – თითქოს პირველად ურტყეს „ნაციონალებს“, ან თითქოს „ნაციონალებმა“ პირველად გალახეს სხვები, არგუმენტად მოიტანა, რომ სანამ არ დასჯით ამ ხალხს, პარლამენტში არ დავბრუნდებითო.
ჯერაც ერთი, კორცხელის ინციდენტთან დაკავშირებით საქმე აღიძრა და თუ სასამართლოსთვის დალოდება უნდა „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ საკენკს აღარავინ აკენკავს. ფაქტია, რომ სწორედ ამ საბაბით პარლამენტიდან მათ ბოიკოტი გამოაცხადეს სხვადასხვა კანონთან, მათ შორის ერთსქესიან ქორწინებასთან მიმართებაში და ამ „გერმანულ მოდელთან“ დაკავშირებითაც. ამის გამო „გერმანული მოდელი“ ფაქტობრივად განწირული გახდა, თუმცა, როგორც იტყვიან, იმედი ბოლოს კვდება – პოლიტიკურ ბოიკოტს შეიძლება არ განაკუთვნო კონკრეტული კენჭისყრა, მიხვიდე, რეგისტრაცია გაიარო, დააფიქსირო პოზიცია და შემდეგ გააგრძელო ბოიკოტი. რომ არ მოხდეს პარლამენტში გაფუჭებული ტელეფონის პრეცედენტების დაფიქსირება, ისინი სასწრაფოდ უნდა დაუკავშირდნენ პროექტის ინციატორ პარტიას – „რესპუბლიკელებს“. უნდა დაითქვას კონკრეტული დღე, როდესაც მოხდება საპარლამენტო ძალების სრული მობილიაცია, რაც უზრუნველყოფს „გერმანული მოდელის“ დამკვიდრებას საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკითხი ვერ გავა“,- განაცხადა კაციტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები