საქართველოს – ჩინეთის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა (ფოტო)

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობები მზად არიან, დროულად მოხდეს ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის საქართველო-ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაჩქარების შესახებ“.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრემიერს, ჭანგ გაოლის, რომელიც ამავდროულად ჩინეთის მიერ ინიცირებული აბრეშუმის გზის აღორძინების პროექტის – „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ კომიტეტის ხელმძღვანელია, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებასა და ურთიერთგაგების მემორანდუმებს.
ჩინეთის მთავრობა განაგრძობს საქართველოს ჯანმრთელობის რეფორმის მხარდაჭერას – დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური და ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“.
შეთანხმება ითვალისწინებს საქართველოსთვის უსასყიდლო დახმარებას 60 მილიონი იუანის (დაახლოებით 9.1 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობით.
აღნიშნული თანხა მიმართული იქნება საქართველოში მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის.
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ორ რეგიონში სამედიცინო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სადაც თავმოყრილი იქნება ამბულატორიული და სტაციონარული სერვისები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრი და ფსიქო-რეაბილიტაციის განყოფილება, როგორც ბავშვებისთვის, ასევე – მოზრდილებისთვის.
დღესვე ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტროს შორის.“
დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთსა და საქართველოში შეიქმნება სავაჭრო და საინვესტიციო საბჭო, რომლის ძირითადი ამოცანა მეწარმეების გაცვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ვაჭრობის განვითარება იქნება.
საბჭოს ბაზაზე იფუნქციონირებს სამდივნოები, სადაც მოწვეულნი იქნებიან ორივე ქვეყნის, როგორც კერძო სექტორის, ისევე მთავრობის წარმომადგენლები.
13342368_1153658871323271_349725748_n
13382302_1153658894656602_1622928665_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები