რისთვის უხდის მადლობას მამუკა კაციტაძე ზვიად ძიძიგურს და რისი ილუსტრირება მოახდინა მან „კვირაში“

„ახალი მემარჯვენეების“ გენერალური მდივანი მამუკა კაციტაძე “კვირას” პრესკლუბში ე.წ. გერმანული მოდელის საკომიტეტო სხდომაზე ჩავარდნის საკითხს გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერს, ზვიად ძიძიგურს იმისთვის, რომ ამ უკანასკნელმა იმ რეალური მიზეზის დემონსტრირება მოახდინა, რის გამოც „ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
“ხელისუფლებაში მიხვდნენ, რომ „გერმანული მოდელის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადება არასერიოზული არგუმენტია. ეს მოდელი მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში არსებობს და არავის მოსდის აზრად, რომ არაკანონიერებაზე და არაკონსტიტუციურობაზეა საუბარი. ამას წინათ, ბატონი ზვიად ძიძიგურის არგუმენტი მოვისმინე იმის თაობაზე, რომ „გერმანული მოდელის“ დროს, ერთ პარტიას მთავრობის დაკომპლექტება გაუჭირდებაო. ანუ „ქართული ოცნების“ გათვლა იმაზეა, რომ ყველას დაუხმარებლად, რაც არ უნდა მაღალი რეიტინგი დაგვიფიქსირდეს, ყოველგვარი კოალიციის და ბლოკის გარეშე უნდა შევძლოთ მთავრობის ფორმირება. როგორც იქნა, ამოღერღა ხელისუფლებამ ის რეალური არგუმენტი, რომლის გამოც მას არ აწყობს ეს არგუმენტი. მადლობა ზვიად ძიძიგურს, რომ „გერმანულ მოდელთან“ მიმართებაში „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნების ილუსტრირება მოახდინა“, – განაცხადა კაციტაძემ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, ზვიად ძიძიგურმა, „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემის „გერმანული მოდელით“ შეცვლის შემთხვევაში, პოლიტიკურ პარტიებს მთავრობის დაკომპლექტების პროცესში შესაძლოა, პრობლემები შექმნოდათ რაც საბოლოოდ ქვეყანაში სამთავრობო კრიზისს გამოიწვევდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები