ნინო გვენეტაძე: ვიმუშავებთ მოსამართლეთა განტვირთვის საკითხებზე და სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის პერსპექტივაზე

სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში“ მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის პირველი სამუშაო შეხვედრა იმართება.
შეხვედრას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წევრები ესწრებიან.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე დაიწყება მუშაობა მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შექმნაზე, რაც ნიშნავს გაგრძელებას მართლმსაჯულების რეფორმების შემდგომი ეტაპების, დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით.
„ამ სამუშაოში აქტიურადაა ჩართული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და ყველა დაინტერესებული მხარე. დონორი ორგანიზაციების დახმარებით ჩვენ სამოქმედო გეგმაზე და სტრატეგიაზე მუშაობისას დავიხმართ საერთაშორისო ექსპერტებს იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც დიდი გამოცდილება აქვთ. სამოქმედო გეგმაში აუცილებლად იქნება გათვალისწინებული ასოცირების ხელშეკრულების ძირითადი მიმართულებები და ევროსაბჭოს სამოქმედო გეგმის ძირითადი მიმართულებები, რომელიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად იქნება ქვეყანაში“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
კითხვაზე, თუ რა იქნება ამ სამოქმედო გეგმაში პირველი ნაბიჯები, ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის საბოლოო დასრულების შემდეგ რეფორმა გაგრძელდება და მუშაობა გაგრძელდება სტრატეგიაზე, რათა გაძლიერდეს არა მხოლოდ სასამართლოს, როგორც ინსტიტუციის დამოუკიდებლობა, არამედ კონკრეტული მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობა.
„ვიმუშავებთ ასევე გადატვირთული სასამართლოს განტვირთვისა და მოსამართლეთა განტვირთვის საკითხებზე, სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის პერსპექტივაზე, ასევე დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით, ანგარიშვალდებულების მექანიზმის დახვეწაზე, ეთიკის ახალი სტანდარტების შექმნაზე და ყველა საკითხზე, რომელიც სასამართლოს წინაშე პრობლემურია“, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები