მიხეილ ჯანელიძე ეუთოს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერის შეხვდა

ვენაში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ეუთოს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერთან.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებს და სამომავლო პერსპექტივებს.
აღინიშნა ეუთოს ავტონომიურ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობა და მათი როლი ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესში.
ხაზი გაესვა ეუთოს საერთაშორისო დამკვირვებელთა მიერ საქართველოში საარჩევნო პროცესის მონიტორინგის მნიშვნელობას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა მიმდინარე წლის 19 მაისს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის მიერ ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გალის მკვიდრის გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე. შეხვედრაზე ეუთოს გენერალურმა მდივანმა მწუხარება გამოთქვა 19 მაისის ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის აუცილებლობას. შეხვედრაზე დაფიქსირდა ეუთოს ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები