ლევან ბოძაშვილი: პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით საკონსტიტუციო სასამართლო ეფექტური გახდება

პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით საკონსტიტუციო სასამართლო გახდება ეფექტური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა, ”საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებულ ვეტოზე კომენტირებისას განუცხადა.
ლევან ბოძაშვილი ქვეყნის პირველი პირის მოტივირებულ შენიშვნებთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის კრიტიკას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და კვლავ გაუსვა ხაზი, რომ პრეზიდენტის შენიშვნებში ვენეციის კომისიის რეკომენდაციები და წინადადებები სრულად არის გაზიარებული.
რაც შეეხება იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებმა შესაძლოა, სასამართლოში გაასაჩივრონ, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე აღნიშნულში პრობლემას ვერ ხედავს.
”პრეზიდენტის შენიშვნების გათვალისწინებით საკონსტიტუციო სასამართლო გახდება ეფექტური. საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობა არ დაიბლოკება და არ შეექმნება პრობლემა მისი პლენუმის მუშაობას. ასევე არ მოხდება მოსამართლეთა ვადის შეზღუდვა მათი კონსტიტუციური ვადის ამოწურვამდე,” – განაცხადა ლევან ბოძაშვილმა.
“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მომზადებულ “მოტივირებული შენიშვნებს“ და შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს.
მმართველი უმრავლესობა ვეტოს დაძლევას არ აპირებს და პრეზიდენტის პროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები