აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი – საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს

 

საქართველოს საერთაშორისო ტერორიზმთან და „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. ამის შესახებ საუბარია შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ამ მხრივ საქართველოს მიერ 2015 წელს გადადგმულ ნაბიჯებს ეხება.
„საქართველო აქტიურად თანამშრომლობს აშშ-სთან ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საერთაშორისო კოალიციის შემადგენლობაში. საქართველოში გასული წლის ივნისში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირისთვის რამდენიმე პირი დააკავეს, მათ შორის პანკისის მკვიდრნი – აიუბ ბორჩაშვილი და დავით ბორჩაშვილი. საქართველო განაგრძობს საზღვრების გაძლიერებას და ტერორისტების დაფინანსების წყაროების აღმოფხვრას“, – ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ სირიასა და ერაყში პანკისის ხეობიდან და აჭარიდან ჩასული რამდენიმე პირი ტერორისტების მხარეს იბრძვის. 2015 წლის ნოემბერში ინტერნეტში ვიდეო გვრცელდა, სადაც სირიაში მებრძოლი ქართველი მუსულმანები საქართველოში „ურწმუნოებზე“ შეტევების განხორციელებით იმუქრებიან.
„გასულ წელს გაეროს რეზოლუციის შემდეგ საქართველომ შესწორებები შეიტანა სისხლის სამართლის კოდექსში და გაამკაცრა ანტიტერორისტული კანონმდებლობა. ახლა ის სასჯელს ითვალისწინებს საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობისთვის, ამ ორგანიზაციებში საბრძოლველად პირების „დავერბოვკებისთვის“,- წერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში ანტიტერორისტული ქვედანაყოფები კარგად მომზადებულები და კარგად აღჭურვილები არიან. იმის გამო, რომ ოფიციალური თბილისის იურისდიქცია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე არ ვრცელდება, საქართველომ ოკუპაციის ხაზის გასწვრივაც უსაფრთხოების ზომები გააძლიერა. საქართველომ საზღვრის გადასვლის დროს საბუთების შემოწმების პროცედურებიც გაამკაცრა, რისთვისაც პიროვნების იდენტიფიცირების თანამედრევე კომპიუტერული ტექნოლოგიებია გამოყენებული. ტერორისტების გადაადგილების დაუშვებლობისთვის შესაბამისი ინფორმაციის გაცვლა მეზობელ ქვეყნებთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ხდება.
2015 წლიდან საქართველოს განათლების სამინისტრომ პანკისის ხაობაში სპეციალური პროგრამა დაიწყო ბავშვებისთვის. აქ გაძლიერებულად ასწავლიან ქართულ ენას, მეცნიერებას და აქტიურად მიმდინარეობს საზოგადოებრივი განათლების პროგრამა. სპორტის სამინისტრომ აქ სპორტული ინფრასტრუქტურა განავითარა და მოსწავლე – ახალგაზრდებისთვის შესაბამის სპორტულ ღონისძიებებს ახორციელებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხში საერთაშორისო და რეგიონულ ორგანიზაციებთანაც აქტიურად თანამშრომლობს. ესენია ევროსაბჭო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და სუამი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები