პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ვეტოს განიხილავენ

პარლამენტის რიგგარეშე სხდომის დღევანდელი დღის წესრიგში მთავარი განსახილველი საკითხი “საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ მომზადებული “მოტივირებული შენიშვნები“ და შესაბამისი კანონპროექტია.

წინასწარი ინფორმაციით, საპარლამენტო უმრავლესობა ვეტოს დაძლევას არ აპირებს და პრეზიდენტის პროექტის მხარდაჭერას გეგმავს.

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული წინადადებები შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმს, მოსამართლეთათვის 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის ბოლომდე გამოყენებასა და პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევას.

კერძოდ, პრეზიდენტი პარლამენტს ე.წ. ალტერნატიული შენიშვნების სახით, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის შემცირებას სთავაზობს, თუმცა გაკვეულ “სპეციფიკურ და მნიშვნელოვან“ საკითხებზე კვლავ 2/3-იან კვორუმს ტოვებს ძალაში. პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სრული შემადგენლობის 2/3-იანი კვორუმის დაწესება მართებულად მიაჩნია მხოლოდ ისეთ “სპეციფიკურ და მნიშვნელოვან“ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმუნიტეტის, არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის, იმპიჩმენტისა და საქართველოს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები. ამასთან, როგორც პრეზიდენტის მიერ პარლამენტში გადაგზავნილ დოკუმენტშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხთა განსახილველად პლენუმი უფლებამოსილი უნდა იყოს, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის სულ ცოტა 7 წევრი, რაც განაპირობებს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხს.

“საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გთავაზობთ განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება, სულ ცოტა, ექვსი წევრი, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად და კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გარდა ზემოაღნიშნული სპეციფიკური შემთხვევებისა, როცა პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა“, – ასეთია პრეზიდენტის მიერ პარლამენტისადმი შეთავაზება.

“საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ალტერნატიული შეთავაზება იმ სადავო ნორმის გაუქმების არ ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კოლეგიის ერთი წევრი უფლებამოსილი ხდება, პლენუმს ერთპიროვნულად მიმართოს და ნორმა შესაჩერებლად კოლეგიიდან პლენუმს გადასცეს. ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მხოლოდ პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მიღების კვორუმის დაწევის წინადადებით გამოდის.

ამასთან, პრეზიდენტი პარლამენტს იმ ნორმის გაუქმების მოთხოვნით მიმართავს, რომლის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ამოწურვამდე სამ თვეზე ნაკლები რჩება, ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის უფლება აღარ ექნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები