ბიძინა ივანიშვილი: ლევან მურუსიძემ მოახერხა და გათავისუფლდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლისგან

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ლევან მურუსიძეს 2013 წელს შეხვდა. როგორც ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ აღნიშნა, ლევან მურუსიძის წინააღმდეგ აგორებული ტალღა „ნაციონალური მოძრაობის“ დამსახურებაა. მისი თქმით, მურუსიძე იმ სისტემის მსხვერპლია, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი ქმნიდნენ.
ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზეც ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს მოსამართლეებს ხელფასი 70-80 პროცენტით მოემატათ.
„მართლაც, შევხვდი ლევან მურუსიძეს. მურუსიძე ჯერ კიდევ კონსტანტინე კუბლაშვილის მიერ იყო დანიშნული სასამართლოს მდივნად. ეს შეხვედრა იყო, ჩემი პრემიერობიდან ერთი წლის თავზე. მანამდე შევხვდი კონსტანტინე კუბლაშვილს და მასთან მქონდა ერთადერთი თხოვნა, რომ როგორმე სასამართლო ყოფილიყო თავისუფალი, რომ გათავისუფლდნენ ძველი გუნდის ზეწოლისგან. მისი ქმედებიდან გამომდინარე – რაც ხდებოდა სასამართლოში, რა დღეში იყო პროკურატურა, როგორ საქმეებს უშვებდა სასამართლოში, რამდენად უჭირდა პროკურატურას, ვნახე, რომ კუბლაშვილი ვერ გამოდიოდა ამ გავლენიდან და მოვახერხე შეხვედრა მურუსიძესთან. მაშინ იმედი გამოვთქვი და ვთხოვე, რომ შენ ახალგაზრდა კაცი ხარ და იქნებ როგორმე გათავისუფლდე ძველი ხელისუფლების წნეხისგან და გარანტიას გაძლევ, რომ ახალი ხელისუფლება არ შეგეხება-მეთქი. ჩემთან ერთად ფინანსთა მინისტრიც იყო და წუხილი გამოითქვა, რომ მათ ძალიან დაბალი ხელფასები ჰქონდათ. მოსამართლეებს ხელფასებიც 70-80 პროცენტით გავუზარდეთ. მათ წლების განმავლობაში არ გაზრდიათ ხელფასი, როდესაც სახელმწიფოს სხვა სტრუქტურებში, კერძოდ, პოლიციასა და პროკურატურაში ხელფასები იზრდებოდა. ესეც შევუსრულეთ.
იმის შემდგომ, როდესაც მურუსიძე აირჩიეს მეორე კაცად – 2013 წელს, არავის აზრად არ მოსვლია, რომ ეს კაცი ცუდი კაცია. არავისი მხრიდან კრიტიკული გამონათქვამი არ გამოთქმულა. ამის შემდეგ, როცა უკვე გამოიტანეს გირგვლიანის თემა და დღეს იხატება ისე, თითქოს მურუსიძის ბრალია ყველაფერი, მე ტელემაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჯერ იმდროინდელმა პარლამენტმა ერთ დღეში სამი მოსმენით მიიღო და შეცვალა კანონი, გაუნახევრეს სასჯელი, ვისაც მკვლელობაში ჰქონდა მონაწილეობა, შემდეგ კი პრეზიდენტმა ამნისტია გამოუცხადა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მიიღო სააკაშვილის და ადეიშვილის მიერ აწყობილი სასამართლო, სადაც მოსამართლეები იყვნენ მსხვერპლნი.
„შესაბამისად, ჩვენ გვქონდა არჩევანი – ან უნდა მოვქცეულიყავით ისე, როგორც მოიქცა სააკაშვილი და გახსოვთ, რაც უქნეს მოსამართლეებს, ან უნდა დავლოდებოდით და სასამართლოს, თვითონ მოეხერხებინა ძველი ხელისუფლების ზეწოლისგან გათავისუფლება, ხოლო ახალი – არ ჩავრეულიყავით.
შეგახსენებთ, რომ მურუსიძის მდივნად დანიშვნაზე კითხვა არ გაჩნდა და უფრო გვიან ამხელა ტალღა აგორდა. ამ ტალღებს ვინ აგორებს და აგიტაციის მანქანა ვის აქვს, ეს ძალიან კარგად ვიცით – „ნაციონალური მოძრაობა“ ახერხებს. რატომ ააგორეს ტალღა მურუსიძეზე და რატომ მოხდა ეს, ჩემში ეჭვს კი არ ბადებს, რომ ის დღეს ცუდად იქცევა, პირიქით, ძალიან დიდი ალბათობით, მან მოახერხა და გათავისუფლდა „ნაციონალური მოძრაობის“ ზეწოლისაგან. სწორედ ეს აღიზიანებს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები