ბიძინა ივანიშვილი: ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, სადაც მოვიდა პიროვნება, შეაგროვა გუნდი, გაიმარჯვა და წავიდა

სად გინახავთ, რომელ ქვეყანაში, ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, მოვიდა პიროვნება, შეაგროვა გუნდი, გაიმარჯვა და წავიდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, მან პოლიტიკიდან წასვლით პრეცედენტი შექმნა. მისივე თქმით, იგი პოლიტიკაში მხოლოდ ქვეყნის დახმარების განცდით მოვიდა და ხელისუფლების ზენიტში ყოფნის დროს თანამდებობა დატოვა.
„პირველივე წერილში განვსაზღვრე რა დროით მოვიდოდი და როდის წავიდოდი. მახსოვს მაშინდელი დამოკიდებულება პოლიტიკოსების – „ასე ამბობს ყველა, ვინ წასულა-ო“.
სად გინახავთ, რომელ ქვეყანაში, ერთი ქვეყანა მაინც დამისახელეთ, მოვიდა პიროვნება, შეაგროვა გუნდი, გაიმარჯვა და წავიდა. პრეცედენტი არ არსებობს. ეცადნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდა ბიჭები, რაღაც აბსურდზე ისაუბრეს, მაგრამ პრეცედენტი არ არის მსგავსი, არავის ამის შეფასება არ უნდა.
მარტო ის გაინტერესებთ, რაც აინტერესებს „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ როგორმე დაასაბუთოთ არაფორმალური მმართველობაა, ქვეყანა იღუპება და ინგრევაო.
იქნებ გავიხსენოთ როგორ წავედი. პირველსავე შუალედში დავალაგე როგორც საჭირო იყო და როგორც სჭირდებოდა ქვეყანას. მოვედი იმ სფეროში, რომელიც აბსოლუტურად უინტერესო იყო ჩემთვის. მოვედი ერთადერთი ვალდებულების განცდით და გრძნობით, რომ შემეძლო და უნდა დავხმარებოდი ჩემს ქვეყანას, ეს მოვახერხე. მოვედი და პირველსავე წელიწადში განვაცხადე, მოვალ ამას გავაკეთებ და გავაკეთე. საოცარია, ზუსტად იმ შუალედურ დროში გადავდექი.
უპრეცედენტო რამ შევქმენი ქვეყანაში, სადაც არავის წასვლა აღარ უნდა როგორც კი მოდის. ზუსტად ისე გავაკეთე, როგორც ვთქვი ხელისუფლების ზენიტში მყოფმა პიროვნებამ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები