ბიძინა ივანიშვილი: ქვეყანა ერთი გუნდის და ერთი კაცის ხასიათზე იმართებოდა

ქვეყანას ერთი გუნდი მართავდა და ერთი კაცის ხასიათზე იმართებოდა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ინტერვიუში“ სტუმრობისას განაცხადა.
ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა, თუ რა პოლიტიკური ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე. მისი თქმით, ადამიანის უფლებები შელახული იყო და საზოგადოებაში შიშის სინდრომი სუფევდა. ივანიშვილის განცხადებით, ყოფილი ხელისუფლების მმართველობის დროს ელიტარული კორუფცია მძვინვარებდა და ქვეყანას ერთი კაცი და ერთი გუნდი მართავდა.
„რა გადმომეცა, ჯერ ის ქვეყანა გავიხსენოთ. როგორი ქვეყანა გადმოვიბარეთ ჩვენ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. მე გადმოცემული მაქვს ეს ჩემს წერილში. ძალიან საინტერესოდ გავიხსენე და აღვწერე. საქართველოს მოსახლეობას ძალიან კარგად ახსოვს, რა სიტუაცია იყო. უზურპირებული იყო ხელისუფლება, სწორედ ერთი კაცის ხელში, ქვეყანას ერთი გუნდი მართავდა და ერთი გუნდისა და ერთი კაცის ხასიათზე იმართებოდა. ყვაოდა ელიტარული კორუფცია.- ეს ხალხი ინაწილებდა არა მარტო ძალაუფლებას, არამედ ბიზნესზეც ძალადობდა. ადამიანის უფლებები ნულს ქვემოთ იყო დასული. როგორც უნდოდათ, ისე ექცეოდნენ ადამიანებს. იჭერდნენ, ართმევდნენ, ციხეებში უშვებდნენ, ციხეებში აწამებდნენ, კლავდნენ. ხალხი ქუჩაში ვეღარ გამოდიოდა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, ორგანიზაცია „მოქალაქის“ დამფუძნებელმა იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზეც ისაუბრა, თუ რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართულიყო.
„მახსოვს, რა გადავიბარე, საიდან გადავიბარე. იმას შეგახსენებთ, რა დროს მოვედი და მერე იმ პასუხისმგებლობაზე ვისაუბროთ, რაც დამეკისრა. საქართველოში აუტანელი მდგომარეობა იყო. საქართველოში ნორმალური ადამიანისთვის ცხოვრება შეუძლებელი იყო და ამას, წერილშიც ნათლად ვიხსენებ. იქ არავითარი თვალთმაქცობა არ არის, უხერხულობასაც გამოვთქვამ, რომ წასვლასაც ვაპირებდი. მართლაც, ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო, როდესაც ხალხი ჩურჩულით საუბრობდა. ყველაფრის უფლება ჰქონდა ერთ გუნდს და ერთ კაცს, და სხვას არავის უფლება არ ჰქონდა. ადამიანის უფლებები, რაზეც მორგებული უნდა იყოს სახელმწიფო მთლიანად, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს როლი და ფუნქციაც გახლავთ, ნულს ქვემოთ იყო დასული. ასეთ სიტუაციაში და გაუსაძლის პირობებში, როდესაც ვნახე, რომ შეუძლებელი იყო, რომელიმე პარტიის მხარდაჭერით შეცვლილიყო სიტუაცია, გადავწყვიტე და მოვედი იქ, სადაც აბსოლუტურად წარმოუდგენელი იყო ჩემთვის და ჩემი ცხოვრების წესით, რომ მე პოლიტიკაში მოვიდოდი“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები